
“IFC ანაკლიის პორტის ტერმინალების კონცესიებში შესაძლო მონაწილეობით დაინტერესებულია“ - მსოფლიო ბანკი
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, დაინტერესებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალების კონცესიებში შესაძლო მონაწილეობით.
„ანალიტიკა“- სთან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის პრაქტიკის მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, შომიკ მენდირატა ამბობს, რომ ანაკლიაში „ლენდლორდის“ მოდელის დანერგვა ქმნის სწორ მარეგულირებელ ჩარჩოს, რაც კერძო კომერციული კაპიტალის მოზიდვის მთავარი წინაპირობაა.
შემუშავებული მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს პორტის საბაზისო საჯარო ინფრასტრუქტურას - საავტომობილო და სარკინიგზო კავშირებს, ტალღათმჭრელსა და დაღრმავებით სამუშაოებს, რის შემდეგაც ტერმინალები კონკურენტულ საწყისებზე კერძო ინვესტორებს გადაეცემათ.
“ანალიტიკა”- სთან ინტერვიუში მენდირატამ დაადასტურა, რომ IFC განიხილავს ამ კონცესიებში შესაძლო ჩართულობას.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, ფოთის პორტი უკვე მაქსიმალურ დატვირთვაზე ოპერირებს და, როგორც ძველ ობიექტს, გარკვეული საოპერაციო შეზღუდვები გააჩნია. ამდენად, ანაკლიის განვითარება კერძო ინვესტორების მონაწილეობით აუცილებელია, რათა საკონტეინერო სექტორში გაჩნდეს ჯანსაღი კონკურენცია, რაც მთლიანად ინდუსტრიის ეფექტიანობას გაზრდის.ამასთან, მენდირატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანაკლიის პროექტში კომერციული კაპიტალისა და IFC-ის შესაძლო შესვლა ფოთის პორტს საფრთხეს არ უქმნის. მისი შეფასებით, ფოთი საქართველოსთვის „ძვირფასი მარგალიტია“, რომელიც ბაზრისთვის კარგად ცნობილ, მაღალი დონის მომსახურებას უზრუნველყოფს.
მენდირატა “ანალიტიკა”-ს ეუბნება, რომ პორტებს შორის ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს და შუა დერეფანში ტვირთნაკადის ზრდის ფონზე ქვეყანას ორივე ნავსადგურის სიმძლავრეები დასჭირდება.სრულ ინტერვიუს ნახავთ "ანალიტიკა"-ში, დღეს, 16.05 სთ.-ზე, BMGTV-ზე.
BM.GE
წყარო: bm.ge