
ილონ მასკმა ჯორჯ სოროსი უნგრეთში ხელისუფლების მიტაცებაში დაადანაშაულა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ცნობილი ფინანსისტის ჯორჯ სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთში ხელისუფლება ფაქტობრივად მიიტაცა.
ბიზნესმენმა ეს კომენტარი სოციალურ პლატფორმა X-ში ალექსანდრ სოროსის პოსტის საპასუხოდ დაწერა. ფილანთროპის შვილმა უნგრელ ხალხს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ამ შედეგს კორუფციაზე უარის თქმა უწოდა. მასკმა კი საპასუხო რეაქცია გამოხატა და დაწერა, რომ ეს არა კორუფციაზე გამარჯვება, არამედ ხელისუფლების მიტაცების აქცია.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ილონ მასკი არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოებას" და მის დამფუძნებელს საჯაროდ აკრიტიკებს. მილიარდერი მას რადიკალური იდეოლოგიების გატარებაში და ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის ქონაში სდებს ბრალს.
ცნობისთვის, მისი ეს კომენტარი ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მარცხს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა უნგრეთის პოლიტიკური ლანდშაფტი სრულად შეცვალა. პიტერ მადიარის ლიბერალურმა პარტიამ Tisza-მ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და პარლამენტში 138 მანდატი დაიკავა. მმართველმა კოალიცია Fidesz-მა კი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 56 ადგილი მიიღო. ვიქტორ ორბანმა მარცხი ოფიციალურად უკვე აღიარა და ოპონენტებს გამარჯვებაც მიულოცა.
საერთაშორისო დამკვირვებლები უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებას ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევენ. ახალი მთავრობა რუსულ ნავთობსა და გაზზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასრულებას ოფიციალურად გეგმავს, თუმცა არ უარყოფს, რომ გარკვეული პერიოდით მათზე დამოკიდებულება მილსადენ "დრუჟბას" გამოყენებით კვლავ შენარჩუნდება.