
ილონ მასკმა Neuralink-ის ტექნოლოგია იესოს სასწაულებს შეადარა
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა Neuralink-ის მიერ წარმოებული ტვინის იმპლანტების შესაძლებლობები იესო ქრისტეს სასწაულებს შეადარა. თელ-ავივში გამართულ ტექნოლოგიურ სამიტზე გამოსვლისას მან ნეიროკომპიუტერული ინტერფეისების პოტენციალზე ისაუბრა.
ბიზნესმენის განცხადებით, ეს მოწყობილობები პარალიზებულ ადამიანებს მეტყველების და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს დაუბრუნებს. კომპანიის დამფუძნებელმა ამ ინოვაციებს "იესოს დონის ტექნოლოგიები" უწოდა.
როგორც ცნობილია, Neuralink-მა "ტელეპათიის" სახელით ცნობილი ჩიპი უკვე 21 პარალიზებულ პაციენტს ჩაუნერგა. დასახელებული აპარატურა ადამიანებს კომპიუტერებისა და სმარტფონების აზრებით მართვის შესაძლებლობას აძლევს. მილიარდერმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია პირველ პაციენტს მხედველობის აღსადგენად "ბლაინდსაიტის" იმპლანტს ჩაუნერგავს. მისი პროგნოზით, დასახელებულ სისტემას ადამიანებისთვის ზეადამიანური მხედველობის მინიჭებაც შეუძლია. საყურადღებოა, რომ ნეიროტექნოლოგიური საწარმო მოწყობილობების მასობრივ წარმოებას 2026 წლიდან გეგმავს.
ცნობისთვის, ტვინის იმპლანტების ბაზარი გლობალურად სწრაფად ვითარდება. Morgan Stanley-ის პროგნოზით, 2035 წლისთვის ამ სექტორის ღირებულება $80 მილიარდს მიაღწევს.
რაც შეეხება თავად მასკის კომპანიას, Tracxn-ის მონაცემებით, Neuralink-მა ბოლო დაფინანსების რაუნდზე $1.29 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა, მისი საბაზრო ფასი კი $9 მილიარდამდე გაიზარდა. საყურადღებოა, რომ იმპლანტების ინდუსტრიაში კომპანიას მეტოქეებიც ჰყავს. კერძოდ, სემ ოლტმენის მიერ დაფუძნებული სტარტაპი Merge Labs-ი, რომელმაც ინვესტორებისგან $252 მილიონი მიიღო. კიდევ ერთი კონკურენტია Axoft-ი, რომელმაც კლინიკური კვლევებისთვის $55 მილიონის დაფინანსება მოიპოვა.
ცნობისთვის, ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის კონცეფცია მეცნიერებაში 1970-იანი წლებიდან არსებობს. თუმცა კომერციულ ბაზარზე ამ ტექნოლოგიის აქტიური განვითარება ბოლო წლებში დაიწყო. არსებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლიდან დღემდე მსოფლიოში ამ მიმართულებით მომუშავე 130-ზე მეტი სტარტაპი შეიქმნა.