
IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა - გიორგი კაკაურიძე
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა და ინფორმაცია მალე საჯარო გახდება, — ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კაკაურიძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აუმჯობესებენ, თუმცა მთავრობის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა IMF-ის პროგნოზზეც მაღალი იქნება.
ცნობისთვის, სავალუტო ფონდი ამ დრომდე საქართველოში 5.3%-ის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.
„შემიძლია ვახსენო, რომ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მათ შორის ბოლოს IMF-მა, სავალუტო ფონდმა 6%-მდე ასწია და ეს ინფორმაცია მალე ალბათ საჯარო გახდება. კონსულტაციების დროს მათი მოლოდინი ასეთი იყო“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამჟამად განახლებულ მაკროეკონომიკურ სცენარებზე მუშაობს, რომლებიც 2027 წლისა და შემდგომი წლების ბიუჯეტის საფუძველი გახდება.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ მაისის ბოლოს, წარმოვადგენთ განახლებულ მაკროეკონომიკურ სცენარებს, რაზედაც უკვე დაეფუძნება 2027 წლის და შემდგომი წლების ბიუჯეტების მომზადება. წარმოვადგენთ თქვენს წინაშე და ამის განხილვა გვექნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
გიორგი კაკაურიძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზზე მაღალი იქნება.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, დაახლოებით 6.5 პროცენტის ფარგლებში, შეიძლება 6.3%-ის ფარგლებში. ეს იქნება საბაზო სცენარი, თუმცა პოზიტიური სცენარის შემთხვევაში 7%-ს ალბათ გადააჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მთავრობა ტრადიციულად რამდენიმე სცენარს წარადგენს, რადგან ეკონომიკურ პროგნოზებზე გავლენას საგარეო ფაქტორებიც ახდენს.