
ინდონეზიიდან სამხრეთ აფრიკამდე - როგორ იზრდება ტურისტული ბიზნესი მესტიაში|"სვანური ფარდული"
მესტიაში მდებარე რესტორანი „სვანური ფარდული“, რომელიც გასულ წელს გაიხსნა, მიმდინარე ტურისტულ სეზონს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ობიექტზე საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი იზრდება. ამის შესახებ BM.GE-სთან რესტორნის დამფუძნებელმა დავით პაკელიანმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ობიექტს ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ.
"ვმასპინძლობთ როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მესტიაში მოგზაურობენ. სტუმრები ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან გვყავს - ინდონეზიიდან დაწყებული სამხრეთ აფრიკით დამთავრებული. საქართველოში ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნით და მისი კულტურით არიან დაინტერესებულები, და მათი დიდი ნაწილი ჩვენს სივრცესაც სტუმრობს", - აცხადებს პაკელიანი.
მისი თქმით, მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით აქტიურია ტურისტული სააგენტოების მხრიდან, რომლებმაც რესტორანთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად წელს დაიწყეს.
"წელს საკმაოდ დატვირთული სეზონი გვაქვს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული სააგენტოების ინტერესიც, რომლებმაც ჩვენთან თანამშრომლობა უფრო აქტიურად სწორედ წელს დაიწყეს. ზაფხულის სეზონის წინა პერიოდი განსაკუთრებით ამით გამოირჩეოდა - სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე სააგენტოები დაინტერესდნენ ჩვენი სივრცით, მოსწონთ გარემო და შესაბამისად, თავიანთ ტურისტებსაც ჩვენთან გზავნიან", - ამბობს ის.
პაკელიანის თქმით, წელს განსაკუთრებით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ლიეტუვიდან, ასევე ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან. აქტიურობით გამოირჩევიან ბრიტანელი ტურისტებიც, ხოლო ფრანგები და გერმანელები ტრადიციულად რჩებიან „სვანური ფარდულის“ უცვლელ სტუმრებად.
"იტალიელები და ესპანელები მუდმივად ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო დიდი რაოდენობით ჩამოვა. წელს იტალიელებმა აჯობეს ესპანელებს შარშანდელთან შედარებით", - აღნიშნავს დამფუძნებელი.
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, რესტორანი გაფართოვდა. როგორც პაკელიანი ამბობს, ტერიტორიაზე დახურული ფარდული და დამატებითი სივრცეები მოეწყო, რამაც სტუმრების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. მისივე თქმით, გაფართოების შედეგად ობიექტი ერთდროულად დაახლოებით 60 სტუმრის მიღებას შეძლებს.
„გადახურვამ გამოიწვია ხალხის უფრო მეტი მოზიდულობა და დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ აივანიც ავაშენეთ, რომელიც ცენტრალურ მოედანს გადაჰყურებს. ამანაც უკვე შედეგი გამოიღო და დაინტერესება მაღალია. ამ ეტაპზე დაახლოებით 20-30%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, რაც ობიექტის განვითარებისთვის ხელსაყრელია, ხოლო ზაფხულის სეზონზე დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება.“, - აცხადებს ის.
რაც შეეხება ფასებს, პაკელიანი ამბობს, რომ მიუხედავად ბაზარზე არსებული გაძვირების ტენდენციისა, „სვანურ ფარდულს“ ფასები არ გადაუხედავს : „ჩვენ ნაკლებ ფასიანი სეგმენტი არც ვიყავით და არც ჩვენი მომხმარებელი. საშუალოზე ოდნავ მაღალი ფასები ყოველთვის გვქონდა და არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაგვეზარდა“, - ამბობს ის.
ამ ეტაპზე ობიექტში მხოლოდ ოჯახის წევრები მუშაობენ. პაკელიანის თქმით, არსებული დატვირთვის პირობებში დამატებითი კადრების საჭიროება ჯერ არ დგას, თუმცა მომავალში შტატის გაფართოებას არ გამორიცხავს : „თუ სიტუაცია ისე განვითარდება, როგორც ველოდებით და ბიზნესიც გაიზრდება, ვფიქრობ, შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დამატებითი თანამშრომლების აყვანაც“, - აღნიშნავს ის.
BM.GE
წყარო: bm.ge