
"ინნ ჯგუფი“ სასტუმროების სექტორში ახალ ინვესტიციებს აღარ გეგმავს
სასტუმროების ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, „ინნ ჯგუფი“ ამ მიმართულებით, ახალ ინვესტიციებს აღარ გეგმავს. როგორც BMG-სთან „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი პაატა კოკაია აცხადებს, ბაზარი, დიდი ხანია, გაჯერებულია.
„შარშან და შარშანწინ ჩვენ სერიოზული ინვესტიციები განვახორციელეთ - დავამატეთ ქუთაისში საცურაო აუზი, გუდაურში - ახალი კორპუსი, ასევე, საცურაო აუზით. ანუ, თითქმის ყველა ჩვენი სასტუმრო საცურაო აუზებით არის აღჭურვილი, საკონფერენციო დარბაზებით. ჯერჯერობით, ამ კუთხით, მეტ ინვესტირებას არ ვგეგმავთ“, - ამბობს პაატა კოკაია.
ამასთან, ინფლაციისა და გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, სასტუმროების ქსელმა ფასების ზრდა ვერ შეძლო. ამის მიზეზი ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციაა, რაც განსაკუთრებით თბილისში იგრძნობა.
„გვინდა რომ [ფასები] გავზარდოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ფასები არ მოგვყვება. კონკურენცია ძალიან მძაფრია, განსაკუთრებით თბილისში - ძალიან იზრდება სასტუმროების რაოდენობა. იზრდება ტურისტების რაოდენობაც, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მიწოდება უფრო მაღალია. მარტო სასტუმრო არ არის ჩვენი კონკურენტი, ესაა Airbnb, ყველა ბინა, რაც შენდება - ყველა აქირავებს ბინას და ისიც ჩვენი კონკურენტია, რა თქმა უნდა“, - განმარტავს პაატა კოკაია BMG-სთან.
მიუხედავად რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და გაზრდილი კონკურენციისა, „ინნ ჯგუფის“ სასტუმროებში ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წელი რეკორდული უნდა ყოფილიყო, თუმცა მეზობელ ქვეყანაში დაწყებულმა ომმა გეგმები შეცვალა - მარტი, აპრილი და მაისი სექტორისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა, თუმცა ივნისიდან ვითარება გამოსწორდა.
„ერთადერთი, არ არის ზრდა გუდაურში, იმიტომ რომ გუდაურს ზაფხულში, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან სტუმრობენ ვიზიტორები. ზუსტად ამ ქვეყნებიდან ძალიან იყო შემცირება, იმიტომ რომ საავიაციო საწვავი და შესაბამისად, ფრენა არის ძალიან გაძვირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, არ ითვლება ძვირიან ქვეყნად ტურისტისთვის, სამწუხაროდ, ფრენამ და გაზრდილმა ფასებმა ამ ქვეყნებიდან ნაკადები ძალიან შეამცირა. ჩვენ ანალიზი რომ გავაკეთეთ, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან კლება დაახლოებით, 60%-ზე მეტი იყო“, - განმარტავს პაატა კოკაია.
2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით 2 734 504-მდე შემცირდა. წელს ვიზიტებში ყველაზე დიდი კლება, თითქმის, 49% ირანიდან დაფიქსირდა. მიზეზი ირანი-აშშ-ის ომია, რომელიც 2026 წლის თებერვლიდან აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო იერიშის შედეგად დაიწყო. 14%-იანი კლებაა ისრაელიდან ვიზიტორებშიც. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გარდა, ვიზიტები, ასევე, შემცირდა ინდოეთიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჯამში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორები რაოდენობა 23%-ით გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge