
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" გაფართოების სამიტში მონაწილეობს | ვინ ესწრება ღონისძიებას?
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელსაც საერთაშორისო მედიაკომპანია Euronews-ი მასპინძლობს.
ღონისძიება ბრიუსელში დღეს, 3 ნოემბერს იმართება და მას ევრონიუსის საერთაშორისო აუდიტორია პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.
"სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის.
დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მის შესაძლო შედეგებს.
სამიტზე ასევე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
რა არის სამიტი და ვინ ესწრება მას?
"ევრონიუსის" გაფართოების სამიტი (Euronews EU Enlargement Summit) წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ერთ სივრცეში ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. წელს სამიტი მეორედ იმართება.
Euronews-ის თანახმად, სამიტის მთავარ სპიკერებსა და მონაწილეებს შორის, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ევროკავშირისა და კანდიდატი/პარტნიორი ქვეყნების პირველი პირები არიან:
• ანტონიო კოშტა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი; • სერჰი კორეცკი - უკრაინის პრემიერ-მინისტრი; • ედი რამა - ალბანეთის პრემიერ-მინისტრი; • ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის პრემიერ-მინისტრი; • ანდრეი პლენკოვიჩი - ხორვატიის პრემიერ-მინისტრი; • ვასილე ტოფანი - მოლდოვის პრემიერ-მინისტრი; • მილოიკო სპაიჩი - მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი; • გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა - ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი.
Euronews-ის ცნობით, სამიტზე ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო - ევროკომისია ე.წ. "მოწინავე ქვეყნებისთვის" (მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა) საგზაო რუკების წარდგენას გეგმავს, რათა მათი გაწევრიანების პროცესი საბოლოო ეტაპზე გადავიდეს.
"საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევებში პროცესი შეფერხებულია. ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი "მხოლოდ ქაღალდზეღა დარჩა", რაც დემოკრატიული უკუსვლით არის განპირობებული;
სომხეთი, რომელსაც ფორმალურად კანდიდატის სტატუსი ჯერ არ აქვს, ევროკავშირში განაცხადის შეტანას განიხილავს და ბლოკთან დაახლოებისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს", - წერს Euronews-ი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული კომისიის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების ფორუმი 2026 წლის 15-16 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობა მიწვეული არ არის.
BM.GE
წყარო: bm.ge