
ირანში ომის დაწყების შემდეგ, ამ ქვეყანასთან საქართველოს ვაჭრობა გაიზარდა|რას ვყიდით/ვყიდულობთ?
ირანის ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობა გაიზარდა. ბოლო ორ თვეში ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 56,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ორ თვესთან შედარებით 17%-ით მეტი.
რაც შეეხება ექსპორტის და იმპორტის ჩაშლილ მონაცემებს, ბოლო ორი თვის სტატისტიკას რომ გადავხედოთ, საქართველოდან გაზრდილია ექსპორტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია. იმპორტი კი, თითქმის იგივე რაოდენობა დაფიქსირდა, რაც გასულ წელს. შესაბამისად, ვაჭრობის ზრდა ამ ქვეყანასთან ექსპორტის გაორმაგებამ გამოიწვია. თავის მხრივ, ექსპორტში მნიშვნელოვანი მატება ამ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს უკავშირდება.
კერძოდ, თუკი 2025 წლის იანვარ-აპრილში ირანში მხოლოდ 1 ავტომობილის ექსპორტი დაფიქსირდა 40 ათასი დოლარის ოდენობით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ირანში ექსპორტირებული ავტომობილების რიცხვმა 825-ს მიაღწია, ჯამურმა ღირებულებამ კი 13,6 მილიონ დოლარს. მხოლოდ მარტ-აპრილში კი ავტომობილების ექსპორტმა ირანში 10 მლნ დოლარამდე და 597 ცალი ავტომობილი შეადგინა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ოთხი თვის სრულ სტატისტიკას, ირანში ექსპორტზე გატანილი TOP-10 საქონელი შემდეგია:
• მსუბუქი ავტომობილები - 13,6 მლნ აშშ დოლარი • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 2,2 მლნ აშშ დოლარი • ფეროშენადნობები - 1,6 მლნ აშშ დოლარი • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1,1 მლნ აშშ დოლარი • პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით - 792 200 აშშ დოლარი • ქერი - 713 800 აშშ დოლარი • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 332 200 აშშ დოლარი • სიმინდი - 292 100 აშშ დოლარი • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 274 700 აშშ დოლარი • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 204 700 აშშ დოლარი
რაც შეეხება იმპორტის დინამიკას, აქ რიცხობრივად და შინაარსობრივადაც ცვლილება მინიმალურია, როგორც გასული წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით, ასევე იანვარ-მარტის შემდგომ.
ირანიდან იმპორტირებული TOP-10 საქონელი შემდეგია (იანვარ-აპრილი):
• მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 8,7 მლნ აშშ დოლარი • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 5,1 მლნ აშშ დოლარი • ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში - 4,7 მლნ აშშ დოლარი • წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - 4,2 მლნ აშშ დოლარი • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 4,1 მლნ აშშ დოლარი • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 3,6 მლნ აშშ დოლარი • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 3,2 მლნ აშშ დოლარი • მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 3 მლნ აშშ დოლარი • ტომრები და შესაფუთი პაკეტები - 3 მლნ აშშ დოლარი • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 2,7 მლნ აშშ დოლარი
ცნობისთვის, ირანში ომი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო, რასაც მოჰყვა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება.
BM.GE
წყარო: bm.ge