
ის ადამიანები, ვისაც ცვლადგანაკვეთიანი სესხი აქვთ, ბანკისგან საპროცენტო განაკვეთის ზრდის შესახებ მიიღებენ შეტყობინებას - კეპულაძე
„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ყველა მომხმარებელი, ვისაც ლარში გაცემული ცვლადგანაკვეთიანი სესხი აქვს, ბანკისგან შეტყობინებას მიიღებს სესხის გაძვირების შესახებ. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაა.
„რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, ყველა ის ადამიანი, ვისაც ლარში გაცემული ცვლადგანაკვეთიანი სესხი აქვს, მომსახურე კომერციული ბანკისგან მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი საპროცენტო განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შესაბამისად, მათ ყოველთვიური გადასახადი მოემატებათ.
შესაძლოა, ამის გამო მომხმარებლებს ბანკების მიმართ აგრესია გაუჩნდეთ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ეს არა კომერციული ბანკების, არამედ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში, არც ეროვნული ბანკია დამნაშავე მთავარი მიზეზი ინფლაცია და მისი გამომწვევი ფაქტორებია. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც ვერ უზრუნველყო ინფლაციის შეკავება.
ვინაიდან ინფლაციამ ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია, ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისა. ეს მათი მხრიდან გადადგმული პრევენციული ნაბიჯია. მართალია, ეს ცვლილება ვითარებას მკვეთრად ვერ შეცვლის, თუმცა ეროვნულმა ბანკმა გააჟღერა სიგნალი თუ ინფლაცია არ დასტაბილურდება, ისინი მზად არიან განაკვეთი კიდევ უფრო მეტად გაზარდონ.
ჯერჯერობით ინფლაციის შემცირების მოლოდინი არავის აქვს. როგორც ეროვნულმა ბანკმა, ისე სხვა ანალიტიკურმა ორგანიზაციებმა წინასწარვე განაცხადეს, რომ წელს ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალი იქნება“, - აცხადებს კეპულაძე.
ცნობისთვის, 6 მაისს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს, რადგან აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
BM.GE
წყარო: bm.ge