
იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი - Georgian Fish and Caviar საექსპორტო ბაზრებს აფართოებს
ქობულეთში, მდინარე კინტრიშზე გაშენებული ხიზილალის მწარმოებელი მეურნეობა საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ამის შესახებ BM.GE-სთან Georgian Fish and Caviar-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა მარიამ შუბალიძემ განაცხადა.
კომპანიის ინფორმაციით, Georgian Fish and Caviar პროდუქციის უდიდეს ნაწილს ექსპორტზე ყიდის. უფრო კონკრეტულად, საერთო მოცულობის დაახლოებით 95% უცხოურ ბაზრებზე გადის, ხოლო ადგილობრივი ბაზრის წილი მინიმალურია.
როგორც მარიამ შუბალიძე განმარტავს, ამ ეტაპზე მთავარი საექსპორტო მიმართულებები რუსეთისა და სომხეთის ბაზრებია, თუმცა კომპანია აქტიურად აფართოებს გეოგრაფიასაც.
„ექსპორტის მხრივ ავითვისეთ დუბაის ბაზარი, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპაში გასვლასთან დაკავშირებით და ამ ბაზრებზე გასვლა უახლოეს პერიოდში იგეგმება. სამიზნე ქვეყნებია იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება გაყიდვებს, მისი თქმით, მიმდინარე წელს კომპანიის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა, ხოლო ფასების პოლიტიკა უცვლელი დარჩა : "წელს გაყიდვების მოცულობა 30%-ით გაიზარდა. ფასები ჩვენი კომპანიისთვის არ შეცვლილა, რადგან ძირითადად ვაწარმოებთ ნახევარფაბრიკატების რეალიზაციას და შესაბამისად ნედლეულის ფასი იგივე დარჩა", - განაცხადა მარიამ შუბალიძემ.
კომპანიის მონაცემებით, შავი ხიზილალის საშუალო საბაზრო ფასი დაახლოებით 1 კილოგრამზე 2 500 ლარს შეადგენს, ხოლო ცოცხალი მასის ქვირითის რეალიზაცია საშუალოდ 1 კილოგრამზე 40 დოლარის ეკვივალენტში ხორციელდება.
„1 კილოგრამი შავი ხიზილალას ფასი საშუალო 2500ლ ფასია. ცოცხალი მასის ქვირითის რეალიზაცია კი საშუალოდ კილოგრამზე 40 დოლარის ეკვივალენტში ხორციელდება.
ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მინიმალურია და ჩვენი პროდუქციის მხოლოდ დაახლოებით 5% რეალიზდება საქართველოში. დანარჩენი მთლიანად ექსპორტზე გადის“, - ამბობს კომპანია.
Georgian Fish and Caviar-ში აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის დაგეგმილია მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის გადახედვა და ფასების პოლიტიკის კორექტირება, ასევე ახალი, მსხვილ ბაზრებზე გასვლის გააქტიურება. კომპანიის შეფასებით, მათი მიზანია ისეთი ქვეყნების ათვისება, სადაც ქართული წარმოების ხიზილალა შესაბამის აღიარებას მოიპოვებს და პროდუქციის რეალიზაცია უფრო სტაბილურ და ადეკვატურ ფასად იქნება შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge