
იტალიური Angelini ამერიკულ Catalyst Pharma-ს $4 მილიარდად შეისყიდის
იტალიური Angelini Pharma-ს განცხადებით, კომპანია იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ამერიკულ მწარმოებელ Catalyst Pharmaceuticals-ს 4.1 მილიარდ დოლარად შეისყიდის. ეს გარიგება იტალიური ფარმაცევტული კომპანიის აშშ-ის ბაზარზე შესვლას აღნიშნავს.
იტალიური ჯგუფი ტვინის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე სპეციალიზდება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სერჯო მარულო დი კონდოიანის განცხადებით, ეს გარიგება კომპანიას "ნევროლოგიური იშვიათი დაავადებების სფეროში გლობალურ მოთამაშედ აქცევს", რაც Angelini-ს მასშტაბსა და შესაძლებლობებს გააფართოებს.
Reuters-ის ინფორმაციით, იტალიური სახელმწიფო კრედიტორი, Cassa Depositi e Prestiti (CDP), საკუთარი ქვედანაყოფის, CDP Equity-ის მეშვეობით, Angelini Pharma-ში წილის შეძენას გეგმავს, რათა ჯგუფს შესყიდვის დაფინანსებაში დაეხმაროს.
Angelini Pharma, რომელიც ამავე სახელწოდების, 1919 წელს დაარსებული საოჯახო ჯგუფის ნაწილია, Catalyst-ის თითოეულ აქციაში 31.50 დოლარს გადაიხდის ნაღდი ფულით.
ფლორიდაში დაფუძნებული Catalyst Pharmaceuticals, რომელიც 2002 წელს დაარსდა და 2006 წლიდან Nasdaq-ის ბირჟაზეა წარმოდგენილი, იშვიათი ნერვ-კუნთოვანი და ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაზე სპეციალიზდება.
Angelini Pharma-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მის შესყიდვის გეგმას მხარს Blackstone-ის ფონდები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები დაუჭერენ, ხოლო გარიგების გლობალური კოორდინატორი და გარანტი BNP Paribas იქნება.
გარიგების დაანონსების შემდეგ, წინასაბაზრო ვაჭრობაში აშშ-ის ბირჟაზე Catalyst-ის აქციები 1.3%-ით (31 დოლარამდე) გაიზარდა. მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ფასმა უკვე 30%-ზე მეტით მოიმატა. გარიგების დასრულება მესამე კვარტალში იგეგმება.
Angelini Pharma იტალიური კერძო ჯგუფის, Angelini Industries-ის ფარმაცევტული განყოფილებაა. ჯგუფის ბიზნესი მოიცავს ჯანდაცვას, სამომხმარებლო პროდუქტებსა და ინდუსტრიულ ტექნოლოგიებს.
მთლიანი ჯგუფი 21 ქვეყანაში ოპერირებს. 2024 წელს მისმა წლიურმა ბრუნვამ 1.6 მილიარდი ევრო შეადგინა, რაშიც მთავარი წილი სწორედ ჯანდაცვის განყოფილებაზე მოდის.
BM.GE
წყარო: bm.ge