
"იუანში რეზერვების წილის ზრდა გეოპოლიტიკური პოზიციონირებაა… ეს გადაწყვეტილება წითლად ანათებს"|ანალიზი
კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 15%-მდე გაზრდის გეგმას აკრიტიკებს. მისი შეფასებით, სებ-ის მთავარი არგუმენტი - დივერსიფიკაცია - ფინანსური უსაფრთხოებისა და ლიკვიდობის მოთხოვნებს ვერ უძლებს.
BMGTV-ს გადაცემა #წერტილთან ინტერვიუში მარინა გულედანმა განმარტა, რომ რეზერვების მართვაში უპირველესი მნიშვნელობა უსაფრთხოებასა და აქტივის ლიკვიდურობას ენიჭება, ჩინური ვალუტა კი მარტივად კონვერტირებადი არ არის.
"ზოგადად, დივერსიფიკაცია, რა თქმა უნდა, აუცილებელია და "ოქროს პრინციპი" არის პორტფელის მართვაში, მაგრამ ამ სიტუაციას ასე ვიწროდ ვერ შევხედავთ. სავალუტო რეზერვი რეალურად, ფინანსური უსაფრთხოების გარანტიაა. შოკური და კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, თუ საქართველოსთვის მისი გამოყენება გახდება საჭირო, ჩინური ვალუტის დაკონვერტირება უფრო რთული იქნება, ვიდრე ისეთი ხარისხიანი სარეზერვო ვალუტების, როგორებიცაა დოლარი და ევრო. ამიტომ ლიკვიდობის თვალსაზრისით ცალსახად ვხედავ პრობლემას. ის, რომ ჩინეთის ეკონომიკა დიდი და ძლიერია, საკმარისი არგუმენტი არ არის, რადგან ამერიკასთან მიმართებით ამ ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულად ეკონომიკური ომია - როდის აიწევს და როდის დაიწევს ვალუტა, არ ვიცით და შესაბამისად, ის ამ მხრივაც არ არის უსაფრთხო“, - განმარტავს გულედანი.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტისთვის გაუგებარია თავად მოცულობის განსაზღვრის პრინციპიც და მიაჩნია, რომ რეზერვებში იუანის 15%-იანი წილი, რაც მილიარდ დოლარს აჭარბებს, ზედმეტად მაღალია.
მარინა გულედანის თქმით, სებ-ის გადაწყვეტილებაში ფინანსური ლოგიკა არ იკითხება, მით უფრო - იმ ფონზე, როცა ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობები და საგარეო ვალის მომსახურება ძირითადად დოლარსა და ევროში ხორციელდება.
"რატომ 15% და არა 10% ან 7%?! ჩვენ არ გვინახავს გამჭვირვალედ, რა ლოგიკითა და ანალიზით ისარგებლა ეროვნულმა ბანკმა, როდესაც ეს მაჩვენებელი 15%-მდე ასწია… საქართველოს სავალუტო საჭიროება და საგარეო ვალის მომსახურება ძირითადად დოლარსა და ევროში ხდება; ამ მხრივაც ალოგიკურია რეზერვში ამხელა მოცულობის ჩინური ვალუტის ქონა - თუ შოკურ პირობებში დეფოლტის საფრთხე გაჩნდა, პირველ რიგში ევრო და დოლარი დაგჭირდება და არა ჩინური ვალუტა. ამ დროს რას ვშვრებით?! ეს გადაწყვეტილება ფინანსურ ლოგიკას არ ექვემდებარება“, - აღნიშნა მან.
მარინა გულედანი სებ-ის ამ ნაბიჯში პირდაპირ გეოპოლიტიკურ გზავნილს ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის გაგრძელებაა, რაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხს კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ.
„შეიძლება, გადაწყვეტილება დივერსიფიკაციის მოტივით გაამართლო, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, ეს გეოპოლიტიკური პოზიციონირებაა და ამას ვერ ავცდებით. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ისე ანათებს წითლად, თითქოს პირდაპირ მეუბნება, რომ პრაქტიკულად, ჩინური ვალუტის პოპულარიზაციასა და კონკრეტული ვექტორის მომსახურებას ეძღვნება. ჩინეთის თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც [ე.წ. რუსულ] კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკური პრობლემები წარმოიშვა - ჩინური ბანკის შემოსვლა, „ლიბერთის“ ყიდვა, ანაკლიის პორტის საკითხი... აქაც ისევ იკვეთება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრობლემა: ქვეყნის ფინანსურ უსაფრთხოებას ემსახურება ის, თუ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. შესაძლოა, ვიღაც ფიქრობს, რომ სხვაგან შეგვზღუდავენ და ჩინურ პროცესებში გადართვა მოგვიწევს“, - ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება სავალუტო რეზერვებში ოქროს წილის ზრდის გეგმას, რომლის მოცულობაც ჯამურ რეზერვებში უკვე 16.6%-ს შეადგენს, როგორც გულედანი აღნიშნავს, ცალკე აღებული ოქრო პორტფელის მართვაში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ჩინურ იუანთან კომბინაციაში რეზერვების მთავარ დანიშნულებას - ფინანსურ უსაფრთხოებას - შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.
„ცალკე აღებული ოქრო პრობლემა არ არის და პორტფელის მართვაში ხშირად გამოიყენება, თუმცა ის შემოსავლიანი არ გახლავთ - ფიქსირებული, სტატიკური აქტივია, რომელიც დაცვას საჭიროებს და მისი ფასიც მერყეობს. მთავარი გათვლა ისაა, რომ გეოპოლიტიკური თუ გლობალური რყევების დროს ოქრო მეტ-ნაკლებად უსაფრთხო აქტივად მიიჩნევა, მაგრამ ჩინურ ვალუტასთან კომბინაციაში რეზერვებში ამ ორი კომპონენტის მოცულობა კიდევ უფრო იზრდება და თუ გავითვალისწინებთ რეზერვის პირველად დანიშნულებას - ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ეს შესაძლოა, სწორი პოლიტიკა არ გამოდგეს“, - განაცხადა მარინა გულედანმა.
BM.GE
წყარო: bm.ge