
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებზე ფასები 10-12%-ითაა გაზრდილი - "არდი"
საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში სამედიცინო დაზღვევის პოლისი საშუალოდ წლიურად 8.5%-ით იყო გაძვირებული.
როგორც სადაზღვევო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, სადაზღვევო პოლისებზე ფასების ზრდის ტემპის სექტორში განსხვავებულია და მათ შორის იმაზეა დამოკიდებული, თუ რა კატეგორიის პოლისებს აწვდიან მომხმარებლებს.
როგორც BMG-ის „არდის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, მათ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებზე ფასები საშუალოდ 10-12%-ითაა გაზრდილი.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, გარდა სამედიცინო ინფლაციისა, ჯანმრთელობის დაზღვევის გაძვირების კიდევ ერთი კომპონენტი მოხმარების ზრდაა.
“ჩვენთან [ჯანმრთელობის დაზღვევა] დაახლოებით 10-12%-იანი გაძვირება ფიქსირდება, თუმცა ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ კომპანიების მიხედვით ეს ციფრები განსხვავდება. არის კომპანიები, რომლებიც შედარებით ბიუჯეტურ პროდუქტებს აკეთებენ და ცხადია, ასეთ სერვისებს ყიდულობენ ბიუჯეტური კლინიკებისგან და იქ გაძვირება შეიძლება შედარებით ნაკლები იყოს. თუმცა არის სადაზღვევო კომპანიები, მაგალითად, როგორიცაა „არდი“, ჩვენ ძირითადად პრემიუმ კლინიკებისგან ვყიდულობთ სერვისს, შესაბამისად, პრემიუმ სერვისი თუ ძვირდება, ავტომატურად „არდის“ სერვისი ბევრად უფრო მეტად ძვირდება, ხოლმე, ვიდრე სხვა სადაზღვევო კომპანიების, რადგან „არდი“ ძირითადად ამ სეგმენტში ოპერირებს.
ძირითადად ძვირდება ხოლმე ის სერვისები, რომელზეც მოხმარება მაღალია. ეს არის ამბულატორია, მედიკამენტები და სტაციონარის კონკრეტული კომპონენტები. არის სტაციონარი, სადაც შედარებით სტაბილური დინამიკა გვაქვს, მაგრამ არის მიმართულებები, სადაც ფასებმა მოიმატა. ასე რომ, გააჩნია. თუმცა სადაც არის მოხმარება, მოთხოვნა-მიწოდების გამო, ცხადია, იქ ხდება ფასის მომატებაც”, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 820 627 მოქმედი სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2025 წლის ივნისთან შედარებით 54 815 პოლისით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85 566 პოლისით მეტია. შესაბამისად, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს.
BM.GE
წყარო: bm.ge