
კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის ქონა - ნუცა აბრამიშვილი
კახეთის რეგიონში შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის შექმნა და განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს როგორც მაღალი სეგმენტის, ისე ბიუჯეტური ტურისტების მოზიდვას. ამის შესახებ „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა BMG-ის განუცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კახეთი თბილისთან ახლოს მდებარეობს და გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით უკავშირდება, მაღალი მხარჯველუნარიანობის მქონე ტურისტებისთვის დროის ფაქტორი გადამწყვეტია.
"ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის შექმნა, რათა რეგიონმა მიიღოს როგორც მაღალი კლასის სტუმრები, ისე ბიუჯეტური ტურისტები. ვგულისხმობ ქუთაისის აეროპორტის ანალოგს, თუმცა ქუთაისს პირდაპირ ვერ შევადარებთ, რადგან ის საერთაშორისო აეროპორტია და მისი მუდმივი განახლება, განვითარება და გაფართოება ხდება. თელავის აეროპორტს გარკვეული შეზღუდვები აქვს, ის არ არის ამ ზომის და ჩემი ინფორმაციით, არც იმ სიგრძის ასაფრენი ბილიკი ექნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხს ორი მხრიდან შევხედოთ ვისთვის იქნება რეალურად გამიზნული ეს აეროპორტი და შეძლებს თუ არა ის იმ სტანდარტის ვერტმფრენების, თვითმფრინავებისა და კერძო ჯეტების მიღებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეგიონში მოვიზიდოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სეგმენტის სტუმრები.
მიუხედავად იმისა, რომ კახეთი დედაქალაქთან ძალიან ახლოსაა და საგზაო ინფრასტრუქტურა კარგად აკავშირებს, დროის მნიშვნელობის გამო სტუმარმა შესაძლოა აირჩიოს გადმოფრენა, რასაც სავარაუდოდ, 10 წუთიც არ დასჭირდება. ასეთი საჰაერო მიმოსვლის არსებობა სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს, მეორე მხრივ კი სტუმარს აძლევს შესაძლებლობას, რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადგილი მოინახულოს", - აცხადებს აბრამიშვილი.
მიმდინარე კვირაში თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. ახლა კი ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. 27 აგვისტოს გამოცხადებულ თელავის აეროპორტს, ტენდერში შპს "ბილდკინგსმა" გაიმარჯვა. კომპანიის მიერ წარდგენილი ფასი 11.65 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით 1.62 მილიონი ლარით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.
BM.GE
წყარო: bm.ge