მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კერძო სექტორი საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას ითხოვს
კერძო სექტორი საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას ითხოვს

კერძო სექტორი საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას ითხოვს

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 15:26|bm.ge

კერძო სექტორი კომპანიებისთვის საპენსიო ფონდის მიერ შეფარდებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს მხოლოდ 7 თვეში ბიზნესს საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 6,7 მილიონ ლარზე მეტი დაეკისრა. საგადასახადო ექსპერტები ამბობენ, რომ ჯარიმების უდიდესი ნაწილი სისტემის ტექნიკური ხარვეზით არის გამოწვეული, შედეგად კერძო სექტორის საჩივრებით გადაიტვირთა როგორც სასამართლო სისტემა, ისე თავად საპენსიო ფონდი, რომელმაც თვე-ნახევრის წინ ფონდში გასაჩივრების მექანიზმი აამოქმედა.

"ლინოს" საგადასახადო ექსპერტი სალომე ოდიშარია bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ საპენსიო დეკლარირებისას დაშვებული შეცდომების გამო დაკისრებული სანქციები მძიმე ტვირთად განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს აწვება. მისი თქმით, 500-ლარიანი ჯარიმა მეწარმეებს ხშირად ტექნიკური ხარვეზის, მაგალითად, საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციებს შორის მხოლოდ 1 ან 2-თეთრიანი სხვაობის გამო ერიცხებათ.

სალომე ოდიშარია განმარტავს, რომ სისტემა ავტომატიზებულია და არ ითვალისწინებს ხარვეზის შინაარსს. თუ ბალანსზე თუნდაც ერთი თეთრი დააკლდა დეკლარაციას, ის ვერ იხურება, რასაც ავტომატურად მოჰყვება 500-ლარიანი ჯარიმა და საურავი. ვითარებას ართულებს ისიც, რომ მეწარმე დარიცხული ჯარიმის შესახებ ინფორმაციას დაგვიანებით იღებს.

„ერთხელ რომ არ დახვდა საკმარისი თანხა ბალანსზე, გამოიწვია ის, რომ მეორეჯერაც საპენსიო დეკლარაცია ვერ დაიხურა და უკვე 1000-ლარიანი საჯარიმო სანქცია დაეკისრა მეწარმეს,“ - აცხადებს საგადასახადო ექსპერტი. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მცირე მეწარმეებს ჯამურად 15 000-დან 20 000 ლარამდე ჯარიმა დაუგროვდათ.

სალომე ოდიაშარია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სამართლიანი გამოსავალი დაგროვილი ჯარიმების ამნისტიაა, თუმცა ასევე თვლის, რომ ჯარიმების ჩამოწერის პარალელურად ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში 500-ლარიანი ჯარიმის ავტომატური დარიცხვის მექანიზმი უნდა გაუქმდეს და სანქციის ოდენობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საგადასახადო კოდექსთან

“ერთ-ერთი გამოსავალია ამნისტია მოხდეს ამ საჯარიმო სანქციების, იმიტომ რომ ზოგიერთ ფიზიკურ პირ მეწარმეს წარმოიდგინეთ 15 000 და 20 000 ლარის საჯარიმო სანქცია აქვს. თუ პირობითად ბარათზე აქვს თანხა, წაიღონ თვითონ საპენსიო შენატანი, ის ხომ ავტომატურად აისახება და ზუსტად იციან რაც აქვს გადასახდელი ხომ? ასე აკეთებს მაგალითად საგადასახადოც, როდესაც ჩვენ რაიმე გადასახადს ვადეკლარირებთ. ჯარიმას კი არ გვაკისრებს, არამედ უბრალოდ საურავს გვაკისრებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ბოლოს თუ არ ვიხდით იმ გადასახადს, უბრალოდ ინკასო ედება, საბანკო ანგარიშიდან მიაქვს ავტომატურად ის გადასახდელი თანხა და შესაბამისად აქაც შეიძლება იგივე მექანიზმის ამუშავება.

წარმოუდგენელია, რომ მეწარმემ 15 და 20 ათასი ლარი გადაიხადოს, თუნდაც გადაუნაწილონ. ეს არის წარმოუდგენელი და მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ კანონის და ზოგადად ამ უწყების ამოსავალი მიზანი არ არის ჯარიმა და ამ ჯარიმიდან ფულის შეგროვება, არამედ მათი მიზანი ხომ ის არის, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვან და ის საპენსიო რაც ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს იყოს შესაბამისად დროულად შეტანილი. თუ ამას ემსახურება ეს კანონი, ზუსტად ამაზე უნდა მოხდეს ორიენტირი და აუცილებლად უნდა მოხდეს ამნისტია, აუცილებლად სისტემა უნდა შეიცვალოს და არ უნდა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრება. თავად ჯარიმის ოდენობაც აუცილებლად უნდა შემცირდეს, იმიტომ რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვითაც არ გვაქვს ამხელა საჯარიმო სანქცია. საურავი კი ბატონო, ეს ნორმაა და ყველა ვთანხმდებით ამაზე",-აცხადებს სალომე ოდიშარია.

საპენსიო სააგენტოს ჯარიმების ამნისტიის ინიციატივა ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელმა ზურაბ ძნელაშვილმა გუშინ გააჟღერა. ის მიიჩნევს, რომ მილიონობით ლარის ჯარიმა, რომელიც ძირითადად სისტემის ტექნიკური ხარვეზის გამო ბიზნესს დაეკისრა, ჩამოწერას უნდა დაექვემდებაროს. ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ საპენსიო ფონდის მიერ ბიზნესისთვის დაწერილ ჯარიმებს ვერ უშველის ფონდში გასაჩივრების მექანიზმის შემოღება, მით უფრო, რომ ნაწილ მათგანზე გასაჩივრების ვადაც გასულია, ნაწილი კი უკვე აღსრულებაშია გადაცემული.

მისი თქმით, ხარვეზებია ჯარიმების და საურავების მარეგულირებელ კანონმდებლობაშიც და ადმინისტრირების პრაქტიკაშიც, ჯარიმებზე შეტანილი საჩივრების სიმრავლიდან გამომდინარე კი ის საჭიროდ თვლის, საპენსიო ფონდის მიერ დაჯარიმებულ ბიზნესს ერთჯერადი ამნისტია შეეხოს. ამ ინიციატივას მისი სხვა კოლეგებიც იზიარებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს - კახა კალაძე

ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს - კახა კალაძე

BM.GE

8 თვეში, მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის 114 მოვაჭრე 289 663 ლარით დაჯარიმდა | GCCA

8 თვეში, მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის 114 მოვაჭრე 289 663 ლარით დაჯარიმდა | GCCA

BM.GE

აშშ-მა G20-ის ქვეყნებს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შემსუბუქებისკენ მოუწოდა

აშშ-მა G20-ის ქვეყნებს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შემსუბუქებისკენ მოუწოდა

BM.GE

65 კანონპროექტი, რომლებსაც მთავრობა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს

65 კანონპროექტი, რომლებსაც მთავრობა პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენს

BM.GE