
„კერკი“ მზადაა ქსელურ მარკეტებთან „კერძო ეტიკეტირების“ კუთხით ითანამშრომლოს - განმარტება
მშრალი ხილის ადგილობრივი მწარმოებელი „კერკი“ ქსელურ მარკეტებთან „კერძო ეტიკეტირების“ კუთხით თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან „ფასების საპარლამენტო კომისიის“ მიერ რეკომენდებული „კერძო ეტიკეტის განვითარების“ კუთხით აღმსრულებლები იყვნენ, მაგრამ „სუპერმარკეტების და აფთიაქების მენეჯმენტთან ამ საკითხზე მოლაპარაკება ძალიან გვიჭირს“.
ცნობისთვის, კერძო ეტიკეტირება არის პრაქტიკა, როდესაც ქართული საწარმო პროდუქტს სუპერმარკეტის, ან/და აფთიაქის ბრენდით/შეფუთვით ამზადებს.
„კერკის“ მენეჯმენტში მიაჩნიათ, რომ სურსათზე ფასების გაიაფება და ხარისხის ზრდა, ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი და განმარტავენ, რომ საქართველოში ,,კერძო ეტიკეტის’’ განვითარება საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს, რაც მათივე შეფასებით, საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა. „კერკის“ მმართველი პარტნიორი გენო გელაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ამ მოდელით ძალიან ბევრი ხარჯი შემცირდება, რაც პროდუქტის გაიაფებას გამოიწვევს, ხოლო ხარისხი ბევრად გაიზრდება.
„კერძო ეტიკეტირების საკითხი ბოლო პერიოდში, ფასების კომისიის მუშაობის ფონზე გააქტიურდა. მანამდე მარკეტებთან უბრალოდ სხვა კუთხით ვთანამშრომლობდით და მათთან მოლაპარაკების პროცესი ძალიან რთული იყო.
ვფიქრობთ, კერძო ეტიკეტირება პროდუქტის ფასებს მნიშვნელოვნად გააიაფებს და ამიტომ ქსელურ მარკეტებთან კომუნიკაცია ვცადეთ, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა. თითქოს არ სცალიათ, მათი ნაწილის პასუხი კი ის იყო, რომ იმპორტი ურჩევნიათ.
როცა ხვდები ადამიანებს, რომლებიც მექანიკურად გპასუხობენ, აზრი არ აქვს ამ თემის განხილვას. შესაბამისად, საჭიროა, ხელმძღვანელების და დამფუძნებლების დონეზე ამის გააზრება, რომ შეიძლება ძალიან ბევრი პროდუქტი არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებმაც ახალი მიდგომის თარგში ვაწარმოოთ.
ადგილობრივ წარმოებებთან ქსელური მარკეტების თანამშრომლობის პლუსი ის იქნება, რომ შუაში ბევრ ხარჯს ამოვაგდებთ - პროდუქტი ქსელური მარკეტის ხდება, შედეგად ეკონომია გაკეთდება მარკეტინგის, დისტრიბუციის, ქსელების მოსაკრებლების, წარმადობის ზრდის, ანუ მასშტაბის ეკონომიის ხარჯზე, რაც პროდუქტს გააიაფებს“, - განმარტავს გენო გელაძე, თუმცა რამდენით შეიძლება ამით პროდუქტის ფასის შემცირება ვერ აკონკრეტებს, რადგან მისი თქმით, ამის განხორციელების შესაძლებლობა ჯერჯერობით არც ერთ ქსელთან არ ჰქონიათ.