
"ხანდახან მგონია, ტრადიციებს ვიგონებთ" - ბიზნესი ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარების სამუშაო ჯგუფზე
"კრაფტ" ლუდის მწარმოებელი კომპანიის Bayo Brewery-ს დამფუძნებელი, გიორგი მარუაშვილი პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.
იგი მიიჩნევს, რომ ლუდის კულტურა საქართველოში ისტორიულად არ ყოფილა ისეთივე განვითარებული და სისტემური, როგორც მაგალითად, ღვინის კულტურა.
მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უწყებებს სექტორთან ამ თემაზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ის აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოში ხშირად ხდება ტრადიციების გადაჭარბებული ინტერპრეტაცია და ნაწილობრივ „გამოგონებაც“ კი : "ზოგადად, დიდი ხანია მიდის მაგაზე ლაპარაკი, ჩვენთან ხომ იცი როგორც არის ყოველთვის ტრადიცია, ტრადიცია, ტრადიცია… ხანდახან მგონია ხოლმე ვიგონებთ, რაღაც ტრადიციებს… გასაგებია, რომ რაღაცა გვქონდა, მაგრამ რა გვქონდა, კაცმა არ იცის", - ამბობს მარუაშვილი.
მისივე შეფასებით, წარსულში ლუდის ტრადიციის აღდგენის მცდელობები არსებობდა, თუმცა ეს მიმართულება საბოლოოდ უფრო ნიშურ ინდუსტრიად რჩება. მარუაშვილის თქმით, საქართველოში ლუდის ისტორიული საფუძველი ღვინის კულტურასთან შედარებით სუსტია და ერთიანი ტექნოლოგიური ტრადიცია პრაქტიკულად არ არსებობს.
„ერთადერთი რაც გვაქვს მთიანეთში, ეს არის ხატობისას ლუდის ხარშვის ტრადიცია, თუმცა ეს რამდენად არის ლუდი… ანუ გასაგებია, რომ ალკოჰოლური სასმელია, ლუდის სტილის არის… მაგრამ მაგალითად გერმანელებს აქვთ ლუდის კანონი… ჩვენც ვიყენებთ ქერს, ალაოს, სვიას, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივ ქმნის ლუდს“, - აღნიშნავს ის.
მარუაშვილის თქმით, საქართველოში არ არსებობს ერთიანი რეცეპტები და ლუდის წარმოება ძირითადად ზეპირსიტყვიერ გამოცდილებაზეა დაფუძნებული: „არ გვაქვს არანაირი რეცეპტი, ყველაფერი არის ზეპირსიტყვიერება, ყველას როგორც გაუხარდება ისე ხარშავს“.
მისივე ვარაუდით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, შესაძლოა, ტურისტულ კონცეფციას დაუკავშირდეს: "ალბათ, რაღაცას მოიძიებენ და ეს შეიძლება ტურიზმთან იყოს დაკავშირებული… შეიძლება შეიქმნას კონცეფცია, რომ ქართული მთიანეთის ლუდი არის სწორედ ეს. თორემ, ისე, რომ ყოველდღიურად ხალხი დამჯდარიყო, ლუდი ეხარშა და ესვა, როგორც იყო გერმანიაში ან ბელგიაში… ჩვენთან 99% საქართველოში ღვინო იყო…“.
ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტზე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელიც ქართული ლუდის ტრადიციების შესწავლასა და განვითარების მიმართულებით იმუშავებს.
BM.GE
წყარო: bm.ge