
ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის მონაკვეთების რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან ₾22 მილიონზე მეტი დაიხარჯება
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 22 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა - ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი ადგილზე გაეცნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე პროექტებიდან ყველაზე მოცულობითი 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ0+000–კმ6+560) სრული რეაბილიტაციაა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 9.2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. მდინარე სურამულაზე აშენდება ახალი ხიდი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, გზასთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი მიიმართება 9-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ9+700–კმ18+100) პერიოდულ შეკეთებაზე, სადაც ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების, გზასთან მიერთებებისა და შესასვლელების, გარე განათებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას, ასევე გზის ჰორიზონტალურ მონიშვნას", - ნათქვამია პრესრელიზში.
უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში სამუშაოები კიდევ ორ ლოტზე დაიწყება. მათ შორის, 6.9 მილიონი ლარია გათვალისწინებული 2.2-კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაციისთვის (კმ60+940–კმ63+126). გარდა ამისა, დაგეგმილია დაახლოებით 3-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ56+600–კმ60+200) პერიოდული შეკეთებაც.
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს და საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვრისკენ მიმავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო და ტურისტული არტერიაა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი ყველა სამუშაო სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
BM.GE
წყარო: bm.ge