
ხელისუფლებამ აღიარა სისტემური პრობლემები, რაც ისტორიული გადმონაშთია - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი გიორგობიანი პრემიერ ირაკლი კობახიძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან შეხვედრას გარდამტეხ შეხვედრად აფასებს. გიორგობიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი ფასების ინდექსაციის შემოღების მნიშვნელობას გაუსვა.
საქმე ისაა, რომ მთავრობის ინფორმაციით, იგეგმება ინდექსაციის მექანიზმის დანერგვა, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს. რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები — იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს პრემიერი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შეხვდნენ.
“ეს არის გარდამტეხი შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები გამოგვიცხადეს, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სექტორის გაჯანსაღებაზე სწორი ადეკვატური ფასწარმოქმნის კუთხით. წლებია ინდექსაციის პრობლემის ინსტიტუციონალურად მოგვარება არ ხდებოდა და დღეს განაცხადა ხელისუფლებამ, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები შედის. ამის ერთხელ და სამუდამოდ ინსტიტუციონალიზაცია მოხდება. დღეს სექტორისთვის, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა”, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
როგორც მან აღნიშნა, მათი ინფორმაციით, ფასების ინდექსაცია როგორც მიმდინარე კონტრაქტებს, ასევე სამომავლო ტენდერებს შეეხება.
“შესყიდვების კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, ტენდერები უკვე ინდექსაციით გამოცხადდება და ეს რაღაც იმპულსური და რაღაც მოვლენებზე მიბმული არ იქნება", - აღნიშნა მან.
კითხვაზე - წლების განმავლობაში რა იწვევდა პროექტების გაჭიანურებას - კომპანიები თუ სახელმწიფო ხარვეზები, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა:
“ჩვენ ამ სექტორს ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვაკვირდებით. სექტორი, სამწუხაროდ, კიდევ საბჭოთა კავშირის ნორმებით ოპერირებს. სწორედ ასეთი არაორგანიზებული სექტორი ქმნის იმ პრობლემებს, რომლებიც იქმნებოდა. დღეს ხელისუფლებამ აღიარა ეს სისტემური პრობლემები, რომლებიც ისტორიული გადმონაშთია. ეს [პრობლემები] გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა. თუმცა ცალსახად პირველად შეიქმნა ის გარემოება, როდესაც მთავრობამ აგრესიული ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უპასუხოს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ამ სექტორში არსებობდა წლების განმავლობაში. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს როგორც კაპიტალური ხარჯების შესყიდვის ეფექტიანობას, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას”.
რაც შეეხება შავ სიასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ირაკლი გიორგობიანი აღნიშნავს, რომ მიესალმება, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად დაიცვას თავი არაკეთილსინდისიერი ეკონომიკური ოპერატორებისგან: “მათ შორის დემპინგი - ეს არის ერთ-ერთი მაღალი რისკი სახელმწიფოსთვის. ჩვენ აქტიურად ვადვოკატირებთ იმისთვის, რომ სახელმწიფომ უფრო აგრესიულად დაიცვას თავი დემპინგისგან, რამეთუ ის არსებული მექანიზმები, რაც არის ანტიდემპინგური, არ არის საკმარისი და საკმარისად არ უზრუნველყოფს და არ იცავს სახელმწიფოს”.
BM.GE
წყარო: bm.ge