
"ხელოვნური ინტელექტი უნდა განიარაღდეს" - რომის პაპი ლეო XIV
რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი პაპობის პირველი მნიშვნელოვანი სასწავლო დოკუმენტი, ენციკლიკა წარადგინა, რომელშიც საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე აფრთხილებს.
ენციკლიკები კათოლიკე ეპისკოპოსებისადმი მიწერილი ეპისტოლეებია, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისინი პაპის მიერ მთელი მსოფლიოსთვის გაგზავნილ გზავნილებად იქცა.
"ხელოვნური ინტელექტი უნდა განიარაღდეს. ვიცი, რომ ეს მკაცრი სიტყვაა, მაგრამ შეგნებულად შევარჩიე, რადგან ამ მომენტს ისეთი სიტყვები სჭირდება, რომლებსაც ყურადღების მიპყრობა შეუძლია", - განაცხადა პაპმა.
მიუხედავად იმისა, რომ წერილი ძირითადად ხელოვნურ ინტელექტს ეხებოდა, პაპმა ლეომ მასში მონებით ვაჭრობაში კათოლიკური ეკლესიის როლის გამო ბოდიშიც მოიხადა.
"შეუძლებელია არ იგრძნო ღრმა მწუხარება, როდესაც ფიქრობ იმ უზარმაზარ ტანჯვასა და დამცირებაზე, რაც ამდენმა ადამიანმა გადაიტანა", - წერს პაპი და დასძენს, რომ ის ეკლესიის სახელით "გულწრფელად ითხოვს პატიებას".
ლეომ მონებით ვაჭრობა ხელოვნურ ინტელექტს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ მსოფლიო კვლავ დგას ადამიანთა ექსპლუატაციის ნორმალიზების საფრთხის წინაშე - როგორც AI-ის წარმოების, ისე მისი გამოყენების პროცესში.
დოკუმენტში პაპის მიერ მოყვანილი ზოგიერთი ყველაზე მძაფრი მეტაფორა სწორედ მონობას უკავშირდება. მან პარალელები ტრადიციული მონობის ისტორიულ ტრაგედიასა და "ახალი ციფრული მონობის" მზარდ საფრთხეებს შორის გაავლო.
პონტიფიკოსმა ივარაუდა, რომ არსებობს ექსპლუატაციის მსგავსი ნორმალიზაციის რისკი და კაცობრიობა ახლა ანალოგიურ მორალურ გზაჯვარედინზე იმყოფება.
უჩვეულო იყო ის ფაქტიც, რომ პაპმა ლეომ ენციკლიკა, სახელწოდებით "Magnifica Humanitas" ("დიდებული კაცობრიობა"), ვატიკანში თავად წარადგინა. მასთან ერთად იყვნენ AI-ის ექსპერტები, მათ შორის ამერიკული AI გიგანტის, Anthropic-ის თანადამფუძნებელი კრისტოფერ ოლაჰი.