
ხომ არ მოვიდა დრო, სავალუტო რეზერვების ზრდას ლარის გამყარება ვამჯობინოთ? - გიორგი ხიშტოვანი
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება, ფასების სტაბილურობის სამართავად მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი საკმარისი აღარაა.
როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, მოცემულ ვითარებაში სებ-მა უნდა გადახედოს სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და ლარის კურსს მეტად გამყარების საშუალება მისცეს, რაც თავის მხრივ, ინფლაციის დასასტაბილურებლად მნიშვნელოვანია.
ხიშტოვანის შეფასებით, რომ არა სებ-ის სავალუტო შესყიდვები, ლარის კურსი დღეს დოლართან მიმართებაში უფრო მყარი იქნებოდა.
"როდემდე უნდა გაზარდოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები? ჩვენ ყველანი კარგად უნდა ვხვდებოდეთ ორ რამეს - პირველი, რომ დღეს წესით საქართველოში გაცვლითი კურსი [დოლართან მიმართებაში] უნდა იყოს 2.60 ლარზე ნაკლები, შეიძლება უნდა იყოს 2.30-2.40 ლარიც კი. ის, რომ კურსი [უფრო მეტად] არ არის ჩამოწეული, ეს არის ეროვნული ბანკის “დამსახურება”, რადგან ის არ ჩერდება და ზრდის სავალუტო რეზერვებს.
ამას ორი გავლენა აქვს ინფლაციის მაჩვენებელზე. პირველი - ეს არის ის, რომ რეალურად კურსის გამყარება თავისთავად, სხვა თანაბარ პირობებში, შეაჩერებდა და შეანელებდა ინფლაციის მაჩვენებელს და ამ ინსტრუმენტს არ იყენებს ეროვნული ბანკი.
მეორე, ჩვენ ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისი ფასი აქვს ვალუტის შეძენასაც, რადგან უკვე ნამდვილად იქმნება, “იბეჭდება” ახალი ლარი და უკვე საკმაოდ დიდი ოდენობით არის ბაზარზე ლარის მასა გაზრდილი და შესაძლოა, ამასაც ჰქონდეს უკვე ეფექტი ინფლაციის ამჟამინდელ ტემპზე.
ეროვნულ ბანკს [სურს] ყველაფერი დააბრალოს გარე შოკებს, მაგრამ ვიდრე აშშ-ს შეტევა დაიწყებოდა ირანზე, მაშინაც აჭარბებდა ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი მის მიზნობრივ მაჩვენებელს და შესაბამისად, პრობლემა იქამდეც იყო.
ამიტომ, დღეს ჩემი აზრით, მთავარი კითხვა არის - სად არის ის ზღვარი [სავალუტო რეზერვების], რომლის მიღწევის შემდეგაც ეროვნული ბანკი დაუშვებს ლარის გამყარებას? მოსახლეობასაც კარგად უნდა ესმოდეს და ბიზნესსაც, რომ დღეს ლარი არის ხელოვნურად გაუფასურებული, მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს უნდა იყოს სავარაუდოდ 2.30-სა და 2.40 ლარს შორის და ეს რომ არ ხდება, არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგი.
თუ ეროვნულმა ბანკმა გააგრძელა დოლარის შეძენა და არ დაუშვა ლარის გამყარება და ამას დაემატა კიდევ გარე ფაქტორები, ჩვენ უნდა ველოდოთ ინფლაციის მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდას.
შესაბამისად, აქ უკვე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება არ არის ერთადერთი რესურსი, რაც გააჩნია ეროვნულ ბანკს. სავარაუდოდ, მას მოუწევს ამ რესურსის გამოყენება, მაგრამ უფრო სწრაფი არხი შეიძლება იყოს კურსის გამყარების დაშვება და მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მისი პოზიცია მინიმუმ ახსნას.
როგორც ვიცი, სავალუტო ფონდი რეზერვების რა ზღვარზეც აპელირებდა, რომ უფრო მშვიდი, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო იქნას უზრუნველყოფილი, ეს უკვე მიღწეულია.
აქ არის ფუნდამენტური პრობლემა - ეროვნულ ბანკს აქვს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი, რომელზეც ორჯერ მეტი არის ფაქტობრივი, თვითონაც გაზარდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და თვითონ აღიარებს, რომ პრობლემები იზრდება. კითხვა ისმის მაშინ - ხომ არ მოვიდა დრო, სავალუტო რეზერვების ზრდას ვამჯობინოთ კურსის გამყარება? ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ფასების სტაბილურობა და არა რეზერვების შევსების თვითმიზანი. შესაბამისად, აქ კითხვა ისმის - თუ მივაღწიეთ იმ მასშტაბს რეზერვების მოცულობას, რომ ფინანსური სტაბილურობა არის უზრუნველყოფილი, მაშინ რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ლარი უფრო გამყარდეს?”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდებოდა, დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით პროგნოზი 5.2%-მდე გაიზარდა.
ამასთან, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
BM.GE
წყარო: bm.ge