
ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება ფქვილის აგრესიულ შემოსვლას ხომ არ წაახალისებს? - ლევან სილაგავა
"ხორბლის იმპორტზე გადასახადის შემოღება მნიშვნელოვანია, რათა ფერმერებს ხელი შეეწყოს, მაგრამ ხომ არ მოხდება ისე, რომ იმპორტირებული ფქვილის აგრესიული შემოსვლა განხორციელდება? ასეთ შემთხვევაში, თუ წისქვილკომბინატებს პრობლემები შეექმნა და გაჩერდა, თავისთავად ცხადია, ხორბლის მიღებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”,-ასე ეხმაურება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მთავრობის მიერ ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილებას.
ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ პროცესის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა მოცულობის და ხარისხის ხორბალს აწარმოებს ქვეყანა და რა ვადით იმოქმედებს საიმპორტო გადასახადი, რათა წისქვილებმა დამატებითი იმპორტის საჭიროება განსაზღვრონ. ლევან სილაგავა არ გამორიცხავს, ხორბალზე საიმპორტო გადასახადის დაწესებამ რუსეთიდან ფქვილის აგრესიული შემოდინება წაახალისოს.
მისი შეფასებით, მიღებული დადგენილება ამ ეტაპზე გამოსავალია, თუმცა გასათვალისწინებელია უკვე გაფორმებული საერთაშორისო კონტრაქტებიც. ვინაიდან, როგორც სილაგავა ამბობს, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, შეეხება თუ არა გადასახადი უკვე არსებულ საიმპორტო ხელშეკრულებებს, რათა პურისა და ფქვილის ფასებთან დაკავშირებით გაუთვალისწინებელი გამოწვევები არ შეიქმნას.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოცულობის ხორბალი რეალურად მოყვანილი, რამდენი არის მათ შორის სასურსათო და ვის აქვს ეს ხორბალი, ანუ ფერმერთა რეესტრი უნდა არსებობდეს, რომ დაიგეგმოს ასეთი ღონისძიებები, როგორიც არის, მაგალითისათვის, ხორბალზე იმპორტის გადასახადის შემოღება. რატომ გვინდა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი გვინდა იმიტომ, რომ ამ გადასახადის შემოღებით ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ვადით იმოქმედებს გადასახადი, რათა განვსაზღვროთ, რა რაოდენობა ხორბალი გვეყოფა ამ ვადაში და რა მოცულობის იმპორტირებული ხორბლის დამატება დაგვჭირდება.
არის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი — ამ გადასახადის შემოღება, თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია ფერმერისთვის, რათა ხელი შეეწყოს, მაგრამ ხომ არ მოხდება ისე, რომ იმპორტირებული ფქვილის აგრესიული შემოსვლა განხორციელდება? ასეთ შემთხვევაში თუ წისქვილკომბინატებს პრობლემები შეექმნა და გაჩერდა, თავისთავად ცხადია, ხორბლის მიღებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დადგენილება გამოსავალია, მაგრამ შემდგომში ეს პროცესი სწორად უნდა დაიგეგმოს იმისათვის, რომ შემდეგ სეზონებზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. მაგალითისათვის, კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული, შესაბამისად, შეეხება თუ არა ან როდიდან შეეხება ეს გადასახადი იმპორტირებულ ხორბალს, უნდა ვიცოდეთ”,- აცხადებს ლევან სილაგავა.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საიმპორტო გადასახადი ერთ ტონა ხორბალზე 100 ლარით განისაზღვრება. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მთავრობის შესაბამისი განკარგულება საჯარო არ არის, უცნობია, რა დროით იმოქმედებს საიმპორტო ბაჟი და შეეხება თუ არა იმპორტიორების უკვე არსებულ კონტრაქტებს.
როგორც აქამდე ქვეყანა ძირითადად ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული. აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში 53,6 მილიონი დოლარის ღირებულების, 209 ათას ტონაზე მეტი ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რომლის უდიდესი წილი რუსული ხორბალია. აღნიშნულ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 50,1 მლნ დოლარის ღირებულების, 194 932 ტონა ხორბალი იყიდა. მცირე მოცულობებით იმპორტი განხორციელდა ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
BM.GE
წყარო: bm.ge