
"კომპანია გაქართულდა და ამან მოგვიტანა უზარმაზარი წინსვლა" - ირაკლი რუხაძე "ჰანიველ ცემენტზე"
"ეს კომპანია გაქართულდა და ამან მოგვიტანა უზარმაზარი წინსვლა" - ამის შესახებ “ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ კასპში, "ჰანიველ ცენტრი" ახალი $70 მილიონიანი პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პროექტი კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, „ჰანიველ ცემენტის“ ბრენდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2024 წელს გერმანული “ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოს ბაზრიდან გავიდა. "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კი ოფიციალურად "ქართული ცემენტი" გახდა, რომელიც ბაზარზე "ჰანიველ ცემენტის" ბრენდით ოპერირებს.
რუხაძის თქმით, იმას, რომ კომპანიას ჰყავს ქართველი გენერალური დირექტორი და მას მართავს ადგილობრივი ჯგუფი, კომპანიას წარმოუდგენელი ზრდა მოუტანა.
ირაკლი რუხაძე ხსნის, რატომ ვერ ყიდის "ქართულ ცემენტს"
“მე ამაყი ვარ, რომ ვარ ამ წარმატებული კომპანიის ნაწილი. ჩემი კომპანია დაახლოებით 8-9 წლის წინ შემოვიდა ამ კომპანიაში, გავხდით თანამფლობელები. ამ ხნის განმავლობაში მოვახერხეთ, რომ 200 მლნ დოლარზე მეტი დაგვებანდებინა ამ კომპანიის განვითარებაში, შევქმენით დამატებითი სამუშაო ადგილები, გვქონდა უპრეცედენტო ზრდა. გავაკეთეთ ინოვაციური პროექტები. საქართველოში გადაყრილი საბურავების დაახლოებით 10%-ს ვამუშავებთ და ამას ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით. ეს ხდება, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური გზით.
რაც მთავარია ეს კომპანია გაქართულდა, რას ნიშნავს ეს? ჩვენ გვყავს ქართველი გენერალური დირექტორი დავით ჯუღაშვილი. ამ გაქართველებამ და იმის შესაძლებლობამ, რომ ამ კომპანიას ადგილობრივი ჯგუფი მართავს, მოგვცა უზარმაზარი წინსვლა. ის წარმოუდგენელი ზრდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია გვაქვს, სწორედ ამის შედეგია”, - განაცხადა რუხაძემ, თუმცა, იქვე დასძინა, რომ პრეზენტაციის ღონისძიებაზე იმყოფებიან მსოფლიოში ცემენტის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც “ჰანიველ ცემენტის” თანამფლობელობით არიან დაინტერესებულები: “ეს თუ მოხდა, ჩვენს კომპანიას ეს კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაიყვანს”, - აღნიშნა მან, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ კომპანიას გულისხმობდა.
ირაკლი რუხაძემ ასევე განაცხადა, რომ “ჰანიველ ცემენტი” ემზადება იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც მთავრობას აქვს დაანონსებული.
“ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას. ის პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ყველაზე საინტერესოა - პორტები, ჰიდროელექტროსადგურები, ახალი აეროპორტი, რომლებზეც ჩვენს ქვეყანაში ბევრი ლაპარაკი მიდის, და იმედი გვაქვს, რომ მალე დაიწყება, ამისთვის ვემზადებით ჩვენ, რათა ამ პროექტებს მივაწოდოთ ის ცემენტი და ბეტონი, რაც დასჭირდება. ამიტომ ვამატებთ არამარტო კლინკერის წარმოებას, ასევე წისქვილის მოცულობებსაც გავზრდით როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში”, - განაცხადა მან.
ამ დროისთვის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ს, რომელსაც ის ბიზნესპარტნიორებთან - ბენჯამინ ალბერტ მარსონთან და იგორ ალექსეევთან ერთად ფლობს, "ჰანიველ ცემენტის" 45.45%-იანი წილი ეკუთვნის. ამავე კომპანიის 44.55%-ის წილს ფლობს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "თანაინვესტირების ფონდი".
"ქართული ცემენტის" 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის რეალიზაცია 17%-ით, 659 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაორმაგდა და 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივები 627 მილიონ ლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge