
კომპანიების 65%-მა განაცხადა, რომ 2026 წელს მათი ინვესტიციები გაიზრდება - BAG კვლევა
2026 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 65%-მა განაცხადა, რომ 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ამავდროულად, გამოკითხული კომპანიების 32% ჯამურად განხორციელებულ ინვესტიციებში ცვლილებას არ მოელის, ხოლო 3% მოელის ინვესტიციების კლებას. ამის შესახებ BAG ინვესტიციების კვლევაშია აღნიშნული.
ინვესტიციების კვლევის ფარგლებში, რომელიც ტარდება წელიწადში ორჯერ, პიემსი კვლევითი ცენტრი აგროვებს მონაცემებს ინვესტიციების ტენდენციების შესახებ. აღნიშნული კვლევისთვის გამოკითხული კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად (როგორც BAG ბიზნეს კლიმატის შემთხვევაში): ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2026 წლის I კვარტალში ჩატარებულმა კვლევამ შეაჯამა BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციები და მათი გეგმები 2026 წლისთვის.
სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2026 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით კვლავ მრეწველობის სექტორში ფიქსირდება, სადაც გამოკითხულ კომპანიათა 81% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას. ამასთანავე, მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში კომპანიათა 61-61% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მშენებლობის სექტორში - 60%.
2026 წელს ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით, დადებითი პროგნოზები უფრო მეტად დაფიქსირდა კვლავ აღჭურვილობის მიმართულებით, ხოლო შედარებით ნაკლები შენობა-ნაგებობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების კუთხით. გამოკითხულთა 60% მოელის, რომ 2026 წელს მათი ინვესტიციები გაიზრდება აღჭურვილობაში. მსგავსი მოლოდინი პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების მიმართულებით 58%-ს აქვს, ხოლო გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ 2026 წელს მათ მიერ შენობა-ნაგებობებში განხორციელებული ინვესტიციები გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, აღჭურვილობის მიმართულებით ყველაზე დადებითი პროგნოზები ფიქსირდება მრეწველობის სექტორებში, სადაც გამოკითხულ კომპანიათა 75% აპირებს გაზარდოს ინვესტიციები აღჭურვილობაში. სექტორებს შორის, შენობა-ნაგებობებში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში ფიქსირდება ყველაზე პოზიტიური მოლოდინი (57% და 56%, შესაბამისად), ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების ინვესტიციების ზრდის მიმართულებით - ვაჭრობის სექტორში (64%).
საინვესტიციო გარემო 2025 წელს
მთლიანობაში, გამოკითხული კომპანიების 70%–მა განაცხადა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ამასთან, გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენი 7%-ისთვის შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ მრეწველობის სექტორში კომპანიათა 88%-ის განცხადებით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ჯამური ინვესტიციები გაიზარდა, რაც სექტორებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მშენებლობის სექტორში ჯამური ინვესტიციების ზრდა კომპანიათა 70%-მა დააფიქსირა, ვაჭრობის სექტორში კომპანიათა 67%-მა, ხოლო მომსახურების სექტორში - 63%-მა (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გრაფიკები 28, 29, 30 და 31).რაც შეეხება ინვესტიციების შემცირებას, მშენებლობის სექტორში კომპანიათა 30%-ის განცხადებით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ჯამური ინვესტიციები შემცირდა. მრეწველობის სექტორში მოცემულ პერიოდში ჯამური ინვესტიციების შემცირება კომპანიათა 6%-მა დააფიქსირა, მომსახურების სექტორში - 5%-მა, ხოლო ვაჭრობის სექტორში 3%-მა. 2025 წელს, კომპანიების ყველაზე დიდმა წილმა გაზარდა ინვესტიციები მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში (70%), შემდეგ, პროგრამულ უზრუნველყოფაში/მონაცემთა ბაზებში (61%) და შენობა-ნაგებობებში (56%). სექტორებს შორის, მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობაში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მრეწველობის სექტორში, სადაც კომპანიების 87%-მა გაზარდა ინვესტიციები აღნიშნული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში/მონაცემთა ბაზებში ინვესტიციების ზრდის მიხედვითაც მრეწველობის სექტორი გამოირჩეოდა მომსახურების სექტორთან ერთად (62-62%), ხოლო შენობანაგებობებში ინვესტიციების ზრდის მიხედვით ვაჭრობის სექტორი იკავებს პირველ ადგილს (70%).
BM.GE
წყარო: bm.ge