მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონკურენციის მარეგულირებელი RyanAir-ის მიერ ოჯახების ერთად დასაჯდომად დაწესებულ ტარიფებს იძიებს
კონკურენციის მარეგულირებელი RyanAir-ის მიერ ოჯახების ერთად დასაჯდომად დაწესებულ ტარიფებს იძიებს

კონკურენციის მარეგულირებელი RyanAir-ის მიერ ოჯახების ერთად დასაჯდომად დაწესებულ ტარიფებს იძიებს

BM.GE13 ივნისი, 2026, 17:57|bm.ge

ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ახალი გამოწვევის წინაშეა - კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანოებმა ოჯახების ერთად დასაჯდომად დაწესებული გადასახადის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიება შეისწავლის, რამდენად უსამართლოდ აზარალებს ავიაკომპანიის სადავო ტარიფები მშობლებსა და ბავშვებს.

კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების ორგანოს (CMA) განცხადებით, Ryanair-ის წესები და პირობები მოითხოვს, რომ სულ მცირე ერთი მშობელი იჯდეს შვილის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების) გვერდით, რისთვისაც მათ ფრენისას საშუალოდ 8 ფუნტ სტერლინგს (9.25 ევრო) ახდევინებს.

მაკონტროლებელი ორგანო იკვლევს, არის თუ არა ეს პოლიტიკა უსამართლო, მომხმარებელთა უფლებების დამცველი კანონმდებლობის მიხედვით. მათი თქმით, ირლანდიური გადამზიდავი ერთადერთი მსხვილი ავიაკომპანიაა გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც მსგავს გადასახადს აწესებს.

საპასუხოდ, Ryanair-მა გამოძიებას "ყალბი" უწოდა და განაცხადა, რომ "CMA-ს ამ მცდარ ბრალდებებს გააქარწყლებს".

ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ ბავშვებს მშობლის ან თანმხლები ზრდასრულის გვერდით ჯდომისთვის გადასახადს არ ახდევინებს, თუმცა მშობლებმა და მეურვეებმა მათ გვერდით დასაჯდომად ჯავშნის საფასური უნდა გადაიხადონ.

Ryanair-ის წესების თანახმად, სულ მცირე ერთი მშობელი ან მეურვე უნდა იჯდეს 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ოჯახები ვალდებულნი არიან შეიძინონ "სავალდებულო ოჯახური ადგილი" როგორც წასვლის, ისე დაბრუნების რეისებზე.

დაჯავშნილი ადგილების ღირებულება 4.50-დან 13.50 ევრომდე (4-12 ფუნტი) მერყეობს, თუმცა საშუალო საფასური თითოეული მიმართულებით დაახლოებით 8 ფუნტია. CMA-ს განცხადებით, ეს პოლიტიკა Ryanair-ის ბრიტანული მარშრუტების უმეტესობაზე ვრცელდება. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაური ოჯახებისგან განსხვავებით, სხვა მგზავრებს შეუძლიათ საერთოდ უარი თქვან ადგილის დაჯავშნაზე.

CMA იძიებს, შეესაბამება თუ არა ეს პრაქტიკა მომხმარებელთა უფლებების დამცველ კანონმდებლობას და კონკრეტულად აფასებს, არის თუ არა ხელშეკრულების პირობები "უსამართლო" - ან აყენებს თუ არა ის მომხმარებლებს არასამართლიანად არახელსაყრელ მდგომარეობაში.

ჩატარდება სამართლიანობის ტესტი, რომელიც დაადგენს, ხელშეკრულებაში არსებული უფლებები და მოვალეობები ხომ არ არის ზედმეტად ბიზნესის სასარგებლოდ და მომხმარებლის საზიანოდ მიმართული.

თუ დადგინდება, რომ პირობები უსამართლოა, გადასახადის გადახდა მომხმარებლებისთვის იურიდიულად სავალდებულო აღარ იქნება და CMA-ს უფლება ექნება, ბიზნესს მათი დაწესება აუკრძალოს.

გამოძიების ფარგლებში უწყება ასევე შეისწავლის, არის თუ არა სავალდებულო ოჯახური ადგილის გადასახადი ე.წ. "წვეთოვანი ფასწარმოქმნის" (drip pricing) ნაწილი - პრაქტიკის, როდესაც მომხმარებლებს თავდაპირველად ერთ ფასს უჩვენებენ, მოგვიანებით კი გარდაუვალ, ფარულ გადასახადებს ამატებენ. ეს პრაქტიკა 2024 წელს აიკრძალა.

CMA აცხადებს, რომ გამოძიება ადრეულ ეტაპზეა და ჯერ არ მიუღია დასკვნა იმის თაობაზე, დაარღვია თუ არა Ryanair-მა რაიმე კანონი. უწყებამ განმარტა, რომ გამოძიების მიზანი მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა და ცხოვრების ხარჯებთან დაკავშირებული წნეხის შემსუბუქებაა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპული ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

ევროპული ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

BM.GE

40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია

40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია

BM.GE

საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთად აღარ შექმნიან

საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთად აღარ შექმნიან

BM.GE

"ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი სამუშაო პროცესი საგრძნობლად შეცვალა" - გიორგი ტაბატაძე

"ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი სამუშაო პროცესი საგრძნობლად შეცვალა" - გიორგი ტაბატაძე

BM.GE