მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონკურენციის სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს
კონკურენციის სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს

კონკურენციის სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზარზე მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს

BM.GE7 მაისი, 2026, 21:21|bm.ge

აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ამ ბაზარზე მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს. სააგენტომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ბაზარზე არსებულ დომინანტურ მდგომარეობებზე, მაღალ ფასნამატებსა და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტზე.

შუალედური ანგარიშის თანახმად, აგროქიმიკატების ნაწილში, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 75 შემთხვევა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა (საოპერაციო ხარჯებისა და გადასახადების გაუთვალისწინებლად). რაც შეეხება პესტიციდებს, ანალოგიურ პერიოდში, დაიდენტიფიცირდა 86 შემთხვევა, როდესაც ფასნამატი იმპორტიდან საცალო ქსელამდე ასევე 100%-ს აჭარბებდა.

როგორც BMG-ის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქედელიძემ განუცხადა, კონკრეტულ მიმართულებებზე ცალკეულ კომპანიებს ბაზრის 40%-ზე მეტი წილი უჭირავთ, რაც მათ დომინანტურ მდგომარეობაზე მიუთითებს.

მისი განმარტებით, როდესაც ამგვარი კომპანია პროდუქციას განსაკუთრებით მაღალი ფასნამატით ყიდის, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკები არსებობს. ამ რისკის დადასტურება ან გამორიცხვა კი, ბაზრის მოკვლევას შეუძლია.

„გამოიკვეთა დამატებით ისეთი ფაქტები და ბიზნეს-ურთიერთობების გარკვეული ტიპები, სადაც ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობა შეიძლება იყოს პრობლემა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ფასნამატის ზრდა და გარკვეულწილად ჭარბი მოხმარებაც.

ამის აღმოფხვრის ბერკეტი არის ბაზრის მოკვლევა. ამ ეტაპზე რა პროცესიც გვაქვს, ეს მონიტორინგია - მონიტორინგის ფარგლებში ხდება კონკრეტული რისკების გამოკვეთა. რისკი არის ისიც, რომ კომპანიას აქვს დომინანტური მდგომარეობა და პროდუქციის რეალიზაციას განსაკუთრებით მაღალი ფასნამატით ახორციელებს. ეს რისკი მონიტორინგის ფარგლებში უკვე გამოკვეთილია და მონიტორინგის საბოლოო ანგარიშით სააგენტო გასცემს რეკომენდაციას სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიმართ. ამავდროულად, იმსჯელებს მიზანშეწონილობაზე რამდენად უნდა დაიწყოს მოკვლევა, რათა ეს რისკი დადასტურდეს ან გამოირიცხოს“ - აცხადებს გიორგი ქედელიძე BMG-სთან.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბაზრის საცალო დონეზე არ არსებობს საკონსულტაციო მომსახურების რეგულირება, თუ რა პრინციპით მოხდეს პროდუქტის შეთავაზება კონკრეტული მომხმარებლისათვის, რათა ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს.

„როდესაც აგროქიმიკატის და პესტიციდის რეალიზაცია ხორციელდება შესაბამისი რეალიზატორი კონკრეტულ ობიექტში, იგივე ობიექტი გასცემს რეკომენდაციას ფერმერზე - დავუშვათ კონკრეტული მიმართულებით რა პესტიციდი და რა აგროქიმიკატი უნდა გამოიყენოს იმ პრობლემის გადასაჭრელად რაც კონკრეტულ შემთხვევაში ფერმერს გააჩნია. როდესაც ამ პროდუქციის რეალიზატორიც და კონსულტაციის მიმცემიც ერთი და იგივე პირია, ეს ბუნებრივია წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს - რომ ფერმერს მიუთითოს იმ პროდუქციაზე, რომლის იმპორტს და რეალიზაციას თავად ახორციელებს და შესაძლებელია ასევე, პროდუქციის დამატებით გამოყენებაზე მიუთითოს, რაც საზიანოა ყველასთვის, გარდა რეალიზატორი კომპანიისა“ - ამბობს გიორგი ქედელიძე.

კითხვაზე, თუ რატომ მოიცავს კვლევა ბოლო სამ წელს (2022-2025 წლები), ქედელიძე განმარტავს, რომ ეს კანონმდებლობით არის განპირობებული. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადა 3 წელია და სააგენტოს მხოლოდ ამ პერიოდში მომხდარ დარღვევებზე აქვს რეაგირების უფლება.

მისივე განმარტებით, 2022 წელიდან აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზარზე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - პანდემიის პერიოდში ამ პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, თუმცა კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ, იმპორტის ფასის კლების მიუხედავად, კომპანიებმა სარეალიზაციო ტარიფები არ შეამცირეს.

„კომპანიებმა ფასები მაღალ ნიშნულზე დაიჭირეს, რამაც წარმოშვა დღევანდელი მოცემულობა - მაღალი ფასნამატი. კოვიდის დროს ასეთი დიდი მარჟა არ ფიქსირდებოდა, რადგან მაშინ თავად პროდუქტი ღირდა ძვირი“, - აღნიშნავს ქედელიძე.

პესტიციდების ბაზრის შესწავლის რეკომენდაცია მთავრობამ გასცა. სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, პესტიციდების ფასების შესწავლის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 თებერვლის სხდომაზე განაცხადა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, ბაზრის მონიტორინგი უახლოეს პერიოდში დასრულდება, ხოლო საბოლოო შედეგები გასაჯაროვდება და რეკომენდაციები ანგარიშთან ერთად რეკომენდაციის ადრესატსაც გადაეგზავნება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ნარჩენი არის რესურსი, რომელსაც სწორი მიმართულება და გადამუშავება სჭირდება" - Georgian Packaging

"ნარჩენი არის რესურსი, რომელსაც სწორი მიმართულება და გადამუშავება სჭირდება" - Georgian Packaging

BM.GE

საუდის არაბეთმა და ქუვეითმა აშშ-ის ძალებისთვის საჰაერო სივრცე და ბაზები გახსნეს

საუდის არაბეთმა და ქუვეითმა აშშ-ის ძალებისთვის საჰაერო სივრცე და ბაზები გახსნეს

BM.GE

უცხოელი ლიდერები მოსკოვში 9 მაისის აღლუმს წელს, სავარაუდოდ, ნაკლებად დაესწრებიან

უცხოელი ლიდერები მოსკოვში 9 მაისის აღლუმს წელს, სავარაუდოდ, ნაკლებად დაესწრებიან

BM.GE

ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾800 ათასი დაიხარჯება

ნაძალადევის რაიონში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ₾800 ათასი დაიხარჯება

BM.GE