
"კოსმოსური მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად 2-3-წლიანი ვადა ამბიციურია" - ჯეფ ბეზოსი
Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მონაცემთა ცენტრების კოსმოსში გატანა "ძალიან რეალისტური" გეგმაა, თუმცა, შესაძლოა, პროცესს იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე მოსალოდნელია.
"ზოგიერთი ვადა, რომელსაც ვისმენთ, ძალიან მოკლეა ხალხი ორ ან სამ წელზე საუბრობს. ეს ალბათ ცოტათი ამბიციურია", - განუცხადა მან ოთხშაბათს CNBC-ს.
ბეზოსმა, რომელმაც კოსმოსური კომპანია Blue Origin დააარსა, აღნიშნა, რომ ინდუსტრიაში შესვლის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ენერგიაა; გარდა ამისა, უნდა შემცირდეს ჩიპების ღირებულება, რათა მონაცემთა ცენტრების ბიუჯეტებში სხვა ხარჯებისთვის მეტი სივრცე გაჩნდეს. მისივე თქმით, გასაშვები ხარჯებიც უნდა გაიაფდეს.
კოსმოსური კომპანიები ერთმანეთს ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების რეალობად ქცევაში ეჯიბრებიან, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მზარდი მოთხოვნები უზარმაზარ ენერგეტიკულ რესურსებს საჭიროებს. ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ორბიტული მონაცემთა ცენტრები მზის ენერგიაზე შეუზღუდავ წვდომას გვთავაზობს და ამ უზარმაზარი ობიექტების ასაშენებლად მიწის მოძიების პრობლემას ჭრის.
ბიზნესები კოსმოსური მონაცემთა ცენტრების პერსპექტივაზე დიდ ფსონს დებენ. თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ კოსმოსში "ორბიტული მონაცემთა ცენტრების" მშენებლობა SpaceX-ისა და მისი AI-სტარტაპის, xAI-ის შერწყმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
მარტში, Blue Origin-მა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას (FCC) დედამიწის დაბალ ორბიტაზე 51 600 მონაცემთა ცენტრის თანამგზავრის გასაშვებად გეგმა წარუდგინა. ეს ინიციატივა "Project Sunrise-ის" ("მზის ამოსვლა") სახელითაა ცნობილი.
ამ თანამგზავრების მუშაობას Blue Origin-ის მიერ დაგეგმილი თანამგზავრული ქსელი - TeraWave უზრუნველყოფს. კომპანიამ ქსელის გასაშვებად მარეგულირებლის თანხმობა უკვე მოითხოვა და იმედოვნებს, რომ მის განთავსებას 2027 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყებს.
მილიარდერი ტექნოლოგიური ანტრეპრენერის ეს კომენტარები წინ SpaceX-ის მიერ IPO-ზე განაცხადის შეტანას უსწრებს, რასაც შესაძლოა უკვე ამ კვირაში ველოდოთ. კოსმოსური კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა იმის მოლოდინით, რომ IPO და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდაცვითი სისტემის - "ოქროს გუმბათის" გეგმები სექტორში მეტ კაპიტალს მოიზიდავს და დამატებით სამთავრობო კონტრაქტებს გააჩენს.
მანამდე Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ SpaceX ბირჟაზე დაახლოებით 70-დან 75 მილიარდ დოლარამდე მოცულობის აქციების განთავსებას გეგმავს.
ბეზოსმა აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის, SpaceX-ის შეფასების რა ნაწილი ეფუძნება ფინანსურ მაჩვენებლებს და რა ნაწილი - მომავალზე დადებულ ფსონს, თუმცა დარწმუნებულია, რომ კოსმოსი "გიგანტურ ინდუსტრიად" იქცევა.
BM.GE
წყარო: bm.ge