მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრაფტ ჭაჭა „უზურპატორი“ ნიშურ მარკეტებში შესვლაზე მუშაობს - როგორ იქცა ოჯახური იდეა პრემიუმ ალკოჰოლურ ბრენდად
კრაფტ ჭაჭა „უზურპატორი“ ნიშურ მარკეტებში შესვლაზე მუშაობს - როგორ იქცა ოჯახური იდეა პრემიუმ ალკოჰოლურ ბრენდად

კრაფტ ჭაჭა „უზურპატორი“ ნიშურ მარკეტებში შესვლაზე მუშაობს - როგორ იქცა ოჯახური იდეა პრემიუმ ალკოჰოლურ ბრენდად

BM.GE27 მაისი, 2026, 01:00|bm.ge

კრაფტ წარმოების ჭაჭის არაყი „უზურპატორი“, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ნიშურ მარკეტებში შესვლაზე მუშაობს. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა გიგა ლოლაძემ BM.GE-ს განუცხადა.

ბრენდის ისტორია, რომელიც ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა, ოჯახურ გარემოში საგარეჯოს რაიონში, სოფელ ჩაილურში მდებარე ვენახში იწყება. ლოლაძის თქმით, სწორედ იქ გაჩნდა სურვილი შეეცვალათ სკეპტიკური წარმოდგენა ჭაჭაზე და შეექმნათ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ამ ალკოჰოლურ სასმელზე წარმოდგენას შეუცვლიდა: „მე და ჩემს ძმას გვაქვს პატარა ვენახი, ეს არის საგარეჯოს რაიონში, სოფელ ჩაილურში და რა თქმა უნდა, როდესაც იდეა გაჩნდა, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ მოდი გავაკეთოთ კარგი ჭაჭა“.

მისი ინფორმაციით, იდეის გაჩენის შემდეგ პროცესი მხოლოდ ინიციატივით არ შემოფარგლულა და ეტაპობრივად კვლევითი სამუშაოებით გაგრძელდა. ლოლაძის თქმით, გუნდმა თავიდანვე განსაზღვრა, როგორი არ უნდა ყოფილიყო პროდუქტი, რაც განვითარების მთავარ საწყის წერტილად იქცა: „ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არის კარგი ჭაჭის წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ძალიან კარგად არის წარმოდგენილი ქვეყანაში თავისი ისტორიით და მიუხედავად იმისა, რომ ჭაჭაც ყურძნისეული პროდუქტი არის, რაღაცნაირად არის დაჩაგრული“, - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება ჭაჭის მიმართ ხშირად არასწორია და მისი პოტენციალი სათანადოდ არ არის გამოყენებული. შესაბამისად, ლოლაძის განმარტებით, პროდუქტის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ჭაჭა შეიძლება იქცეს ისეთივე დახვეწილ ალკოჰოლურ სასმელად, როგორც ვისკი, განსხვავებული არომატითა და მოხმარების კულტურით.

„ღვინო ყველას უყვარს, ჭაჭა არავის არ უყვარს და ყველას ჰქონდა წარმოდგენა, რომ ჭაჭას როცა დალევდა, უნდა ყოფილიყო ძალიან არასასიამოვნო, მძიმე დასალევი... სულ მინდოდა და მეგონა ხოლმე, რომ შესაძლებელი იყო ნამდვილად კარგი ჭაჭის წარმოება... როგორც მაგალითად ვისკის რომ მიირთმევენ ხოლმე, ისე მირთმევა“, - ამბობს მეწარმე.

ბრენდის დამფუძნებლის ინფორმაციით, წარმოების ტექნოლოგია ტრადიციულ პრაქტიკასთან შედარებით განსხვავებულია და მრავალეტაპიან დისტილაციას ეფუძნება. „ჩვენი ჭაჭა არ არის ერთნახადი, ეს არის სამნახადი... პირველი გამოხდა ტარდება ჩვეულებრივი ტრადიციული ქვაბით... შემდეგი ორი გამოხდა სვეტზე“.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყურძნის ჯიშებსაც, რაც საბოლოო არომატს განსაზღვრავს: „მუსკატური ჯიშის ყურძენი არის ძალიან მძაფრი არომატის... იმდენად მძაფრი არომატი აქვს, რომ სამჯერად დისტილაციას გაუძლო და მესამე გამოხდის შემდეგაც ძალიან კარგად გამოიტანა არომატი.“

ამ ეტაპზე „უზურპატორი“ მცირე მასშტაბის წარმოებაა და ნიშურ სეგმენტზეა ორიენტირებული. ლოლაძის თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაღაზიებთან: „ნიშურ მაღაზიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მანამდე კი სოციალური ქსელის საშუალებით ვყიდით პროდუქტს. ამ ეტაპზე, 700 მილილიტრიან ბოთლში, 43%-იანი ალკოჰოლის შემცველობით, დაახლოებით 50 ლარად იყიდება", - თქვა მან.

მისივე განმარტებით, ზრდის პოტენციალი არსებობს, თუმცა ბრენდი კრაფტ იდენტობის შენარჩუნებას გეგმავს: „შესაძლებელია წარმადობა მომავალ წელს 500 ბოთლამდე გავზარდოთ... თუმცა, ეს არის კრაფტ წარმოება და მცირე წარმოების შენარჩუნება იგეგმება“.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Uber-მა Delivery Hero-ს შესყიდვა გადაწყვიტა

Uber-მა Delivery Hero-ს შესყიდვა გადაწყვიტა

BM.GE

„ქართული აგროპროდუქტი“ ქსელურ მარკეტებთან კერძო ეტიკეტირების მიმართულებით თანამშრომლობას ამ ეტაპზე არ განიხილავს|კომპანიის გეგმები

„ქართული აგროპროდუქტი“ ქსელურ მარკეტებთან კერძო ეტიკეტირების მიმართულებით თანამშრომლობას ამ ეტაპზე არ განიხილავს|კომპანიის გეგმები

BM.GE

"გეგმაში "არქისთან" ერთად დეველოპმენტის განვითარება და საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა" - BI Development International-ის CEO

"გეგმაში "არქისთან" ერთად დეველოპმენტის განვითარება და საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა" - BI Development International-ის CEO

BM.GE

პრაღის აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა - Routes Europe 2026-ის გამარჯვებულები

პრაღის აეროპორტი ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა - Routes Europe 2026-ის გამარჯვებულები

BM.GE