
ლოკომოტივების მოწოდებაზე დიდი დაინტერესებაა როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნების მხრიდან - ლაშა აბაშიძე
„საქართველოს რკინიგზაში“ 10 წლიან პერიოდში 1 მლრდ 700 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე აცხადებს.
მისი თქმით, 10 წლიან გეგმაში გაწერილია შესაბამისი პრიორიტეტები. პირველ ეტაპზე კი, ერთი მილიარიდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ჩვენ ვახორციელებთ ერთი მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიციას რკინიგზაში. ვაახლებთ სრულად სალოკომოტივო პარკს და შევისყიდით ახალ ელმავლებს. ათწლიან გეგმაში 1 მილიარდ 700 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციაა გაწერილი და პრიორიტეტები შესაბამისად დალაგებული.
მოკლევადიან გეგმაში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს სავაგონო პარკის გაზრდა, ლოკომოტივების და სამგზავრო მიმართულების სრული განახლება და ახალი მატარებლების შესყიდვა, ასევე, ინფრასტრუქტურის არსებითი გაუმჯობესება. ეს არის ჩვენი მოკლევადიანი, დაახლოებით, ორწლიანი გეგმა, რომელსაც მივყვებით და ძალიან მალე ამის შედეგსაც დავდებთ“ - აცხადებს ლაშა აბაშიძე ჟურნალისტებთან.
BMG-ის კითხვაზე, განიხილება თუ არა რეფორმირებულ რკინიგზაზე კერძო ოპერატორების დაშვება, ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია.
„კერძო ოპერატორების დაშვება შესაძლებელია განვიხილოთ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე და ჩვენს სამეზობლოში ასეთი რამ ჯერ პრაქტიკაში არ არის. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამაზე ჩემი მხრიდან იყო რამდენიმე დისკუსია და განხილვა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია.“
რაც შეეხება საკითხს, თუ ვისგან შეისყიდის სახელმწიფო კომპანია ახალ ლოკომოტივებს და ახალ ვაგონებს, ლაშა აბაშიძე BMG-ს პასუხობს, რომ დაინტერესება რამდენიმე მომწოდებლის მხრიდან არსებობს.
„ლოკომოტივების ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე თვეს, ან შემდეგ თვეს გამოვაცხადებთ. ეს ტენდერი ტარდება სრულად მსოფლიო ბანკის რეგულაციებით და ბაზრის კვლევა რომ ჩავატარეთ, საკმაოდ დიდი დაინტერესება არის როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნების მხრიდან“ - ამბობს ლაშა აბაშიძე.
„საქართველოს რკინიგზა“ მასშტაბური მოდერნიზაციის დაწყებას აანონსებს. გამოცხადებული გეგმით, რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს, ასევე, 10 ახალ სამგზავრო მატარებელს იყიდის. რკინიგზის ცნობით, მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი, ასევე სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია.
ახალი ლოკომოტივებისა და მატარებლების შესყიდვის დაანონსების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, ვისგან და რა ვადებში შეისყიდის რკინიგზა ახალ შემადგენლობებს. 55 მლნ ლარად 300 ცალი სატვირთო ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი ჯერ კიდევ 2023 წელს გამოცხადდა, თუმცა, მაშინ ტენდერი არ შედგა. ამჟამად, „საქართველოს რკინიგზას“ 17.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლითაც 120 ცალი სატვირთო ვაგონი უნდა შეისყიდოს.
BM.GE
წყარო: bm.ge