
„ლუმიერსი“ დუბაიში, კიდევ 3 ფილიალის გახსნას გეგმავს
ტრდელნიკის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლუმიერსი“ დუბაის ბაზარზე გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ემილ კურბანოვმა BM.GE-სთან განაცხადა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი ფილიალის გახსნიდან ორ თვეში, რომელშიც 175 00 დოლარის ინვესტიცია ჩადო, კომპანია კიდევ სამი ახალი ობიექტის დამატებაზე მუშაობს.
კურბანოვის თქმით, დუბაის ფილიალის გახსნა რეგიონში ომის დაწყებას დაემთხვა. მისი განმარტებით, ობიექტის გახსნიდან ერთ კვირაში ბაზარი დროებით შენელდა, თუმცა მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა და ქვეყანა ჩვეულ რეჟიმს სწრაფად დაუბრუნდა.
„ორი თვის წინ, დუბაიში ფილიალი გავხსენით. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, გახსნის პროცესმაც და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა - გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში დაიწყო ომი. ყველაზე ნაკლებად რასაც ელოდები, პრინციპში ეგ მოხდა. ორი კვირა გაგრძელდა ეს პასიური პერიოდი და შემდეგ ქვეყანა ძალიან სწრაფად გადაეწყო. ჩვეულებრივად ადაპტირდა ყველა და შესაბამისად, ჩვენც უკვე დავიწყეთ აქტივობები“, - ამბობს კურბანოვი.
კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ორი თვე საკმარისი არ არის ბაზრის სრულად შესაფასებლად, თუმცა საწყისი შედეგები და მოლოდინები პოზიტიურია. მისივე თქმით, დუბაიში „ლუმიერსის“ ბრენდი ბევრმა მომხმარებელმა უკვე იცოდა, რადგან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები ან მოგზაური მომხმარებლების ნაწილი საქართველოს ხშირად სტუმრობს.
„ძალიან ბევრი ადამიანია დუბაიში, ვინც იცის “ლუმიერსის” ბრენდის შესახებ. იმდენად ხშირად სტუმრობენ ისინი საქართველოს, რომ დიდად კითხვა არ გასჩენიათ, ამ ბრენდის ქვეშ რა პროდუქტი იყიდება“, - აცხადებს კურბანოვი.
აღსანიშნავია, რომ დუბაის ფილიალი საქართველოს ბაზარზე არსებული კონცეფციისგან განსხვავდება. კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივ მომხმარებელზე მორგებული მენიუ შეიქმნა, სადაც ტკბილ ტრდელნიკებთან ერთად არატკბილი პროდუქტებიცაა.