მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მადიარის სწრაფი რეფორმების ფონზე, EU-მა უნგრეთისთვის €16 მილიარდიანი დაფინანსება განბლოკა
მადიარის სწრაფი რეფორმების ფონზე, EU-მა უნგრეთისთვის €16 მილიარდიანი დაფინანსება განბლოკა

მადიარის სწრაფი რეფორმების ფონზე, EU-მა უნგრეთისთვის €16 მილიარდიანი დაფინანსება განბლოკა

BM.GE30 მაისი, 2026, 19:32|bm.ge

ევროკავშირი უნგრეთისთვის 16.4 მილიარდი ევროს დაფინანსებას განბლოკავს. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა წინა ხელისუფლების დროს დაწყებული დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად სწრაფი რეფორმები გაატარა.

სახსრების გათავისუფლება ბრიუსელის მხრიდან ბუდაპეშტის ახალი მთავრობის მიმართ მხარდაჭერის ნიშანია. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა, რომლის დროსაც უნგრეთი რუსეთის მოკავშირედ მიიჩნეოდა, ევროკავშირთან მუდმივი დაპირისპირებით გამოირჩეოდა.

შეთანხმების შესახებ პარასკევს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება მადიარის მთავრობასა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მრავალკვირიან მოლაპარაკებებს ასრულებს, რათა უნგრეთის დასუსტებულმა ეკონომიკამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღოს.

მადიარმა შეთანხმებას ქვეყნისთვის "ისტორიული გარღვევა" უწოდა და აღნიშნა: "ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერია და მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა უნგრელი ხალხისა და ევროპის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ".

აპრილის არჩევნებში მადიარის დამაჯერებელმა გამარჯვებამ, რაც ნაწილობრივ ევროკავშირთან კავშირების გაღრმავების დაპირებას ეფუძნებოდა, ორბანის ხანგრძლივი მმართველობა დაასრულა. ორბანი ხშირად აკრიტიკებდა ფონ დერ ლაიენსა და 27-წევრიანი ბლოკის სხვა ლიდერებს, პარალელურად კი უნგრეთში ინსტიტუციურ ბალანსსა და კონტროლის მექანიზმებს ასუსტებდა.

სწორედ ამ ქმედებების, ასევე კორუფციისა და სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვის გამო, 2022 წელს ევროკავშირმა ბუდაპეშტს მილიარდობით ევროს დაფინანსება გაუყინა. ერთი წლის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ მთავრობამ საკმარისი რეფორმები გაატარა და დაახლოებით 10.2 მილიარდი ევრო განბლოკა.

პარასკევს ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მადიარის მთავრობის მოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში "მთელ უნგრეთში ცვლილებების ძლიერი ქარი იგრძნობა".

"ძალიან მოკლე დროში დიდი სამუშაო შესრულდა, რასაც ბაზრები უკვე ამჩნევენ. ინვესტორთა ნდობა ბრუნდება. ნდობა აღდგენილია", - განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც მადიარის პარტია "ტისამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ბრიუსელისა და ბუდაპეშტის ლიდერებისთვის პრიორიტეტული თანხების რაც შეიძლება მალე გათავისუფლება გახდა. ეს წლების განმავლობაში სტაგნაციაში მყოფი უნგრეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

აღნიშნული დაფინანსება იყოფა ორ ნაწილად: 10 მილიარდი ევრო COVID-19-ის აღდგენის ფონდიდან, ხოლო 6.3 მილიარდ ევროზე მეტი კოჰეზიის (შერწყმის) ფონდიდან, რომელიც ევროკავშირის შიგნით პრობლემური ეკონომიკების მხარდასაჭერადაა შექმნილი.

თანხებზე წვდომის მისაღებად, მადიარის მთავრობამ გადამწყვეტი ცვლილებები განახორციელა, მათ შორის: აღადგინა სასამართლო დამოუკიდებლობა, აკადემიური და მედიის თავისუფლება და წამოიწყო ფართომასშტაბიანი ანტიკორუფციული ზომები.

პარასკევს მადიარმა უნგრეთის მოთხოვნა ევროპის პროკურატურასთან (EPPO) მიერთების თაობაზე ოფიციალურად წარადგინა. ლუქსემბურგში ბაზირებული ევროკავშირის ეს ანტიკორუფციული სააგენტო წლების განმავლობაში ორბანის მთავრობის მიერ იგნორირებული იყო.

ჟურნალისტებთან საუბრისას მადიარმა აღნიშნა, რომ ორბანის მთავრობა (რომელიც ევროკავშირს ხშირად წარმოაჩენდა, როგორც მჩაგვრელ ძალას, რომელიც უნგრეთს ანტი-საიმიგრაციო და ანტი-LGBTQ+ პოლიტიკის გამო სჯიდა) "უნგრელ ხალხს გამუდმებით ატყუებდა" იმის შესახებ, თუ რატომ გაიყინა დაფინანსება რეალურად.

"ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირი სახსრებს არ ათავისუფლებდნენ, იყო კორუფცია. იქ არსებობდა კორუფციის ისეთი დონე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წარმოუდგენელი იყო როგორც ევროკავშირში, ისე უნგრეთში", - განაცხადა მან.

ფონ დერ ლაიენმა ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში უნგრეთის უფრო ღრმა ინტეგრაცია დააანონსა. მაგალითად, უნგრელი სტუდენტები კვლავ შეძლებენ "ერასმუსის" სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვას (რაც მათ ევროკავშირის მასშტაბით სასწავლებლებში განათლების მიღების საშუალებას აძლევს). შეგახსენებთ, რომ ეს პროგრამა ორბანის მმართველობის პერიოდში შეჩერებული იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა უკრაინისთვის 2.8 მილიარდამდე ევროს დაფინანსება დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 2.8 მილიარდამდე ევროს დაფინანსება დაამტკიცა

BM.GE

ევროპის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები 2026 წლის არდადეგებისთვის

ევროპის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები 2026 წლის არდადეგებისთვის

BM.GE

"საქართველოს ფინანსური ბაზარი ძალიან განვითარებულია, ბალტიის ქვეყნებს 5-7 წლით ჩამოვრჩებით" - დიმიტრი ქუმსიშვილი

"საქართველოს ფინანსური ბაზარი ძალიან განვითარებულია, ბალტიის ქვეყნებს 5-7 წლით ჩამოვრჩებით" - დიმიტრი ქუმსიშვილი

BM.GE

აშშ-ის მოსამართლემ კენედის მემორიალური ცენტრისთვის ტრამპის სახელის მინიჭება უკანონოდ ცნო

აშშ-ის მოსამართლემ კენედის მემორიალური ცენტრისთვის ტრამპის სახელის მინიჭება უკანონოდ ცნო

BM.GE