
მაგისტრალური რკინიგზის გასწვრივ გურიაში ღობე მოეწყობა - რკინიგზამ შესყიდვა გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზა გურიის რეგიონში, მაგისტრალური რკინიგზის ცალკეულ მონაკვეთებზე პანელური ღობეების მოწყობას გეგმავს. კომპანიამ 386 587 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამოაცხადა.
კომპანია მიუთითებს, რომ შესყიდვა განპირობებულია ზაფხულის სეზონიდან მატარებლების მოძრაობის სიჩქარის ზრდით, რაც დამატებით უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს ქვეითების, ასევე პირუტყვის დასაცავად. კომპანია მიზნად ისახავს, რომ თბილისი-ბათუმის მარშრუტის ხანგრძლივობა ხუთ ნახევარი საათიდან ოთხ საათამდე შეამციროს.
შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიის რეგიონში, ლიანდაგების გასწვრივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითვალისწინებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის სიჩქარის გაზრდაა დაგეგმილი, რის გამოც საჭირო გახდა ლიანდაგების შემოღობვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივი მოსახლეობისა და შინაური პირუტყვის მიერ ლიანდაგის გადაკვეთა.
შესასყიდი ობიექტი მოიცავს 7000 ცალ ლითონის პანელურ ღობეს და 7001 ცალ ბოძს თავსახურებითა და სამაგრებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის 4 ივნისიდან 4 ივლისამდეა განსაზღვრული.
რკინიგზის განმარტებით, კომპანიამ მსგავსი პროდუქციის შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის 20 თებერვალსაც გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით იმავე არეალში დამატებითი რაოდენობის საჭიროება გამოიკვეთა. ამის შემდეგ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, რის გამოც კომპანიამ გადაუდებელი აუცილებლობის მექანიზმის გამოყენება გადაწყვიტა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადება ორმა კომპანიამ წარადგინა — შპს „ფერმო ფენსმა“ და შპს „ღობემ“. ყველაზე დაბალი ფასი შპს „ფერმო ფენსმა“ დააფიქსირა — 327 616.90 ლარი დღგ-ის გარეშე.
რკინიგზაში აცხადებენ, რომ თავდაპირველი ტენდერი პროდუქციის ჩინეთიდან მიწოდებას ითვალისწინებდა, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობის გამო შესყიდვა თურქეთიდან, მოკლე ვადებში მიწოდების პირობებით ხორციელდება, რამაც ერთეულის ღირებულების ზრდა გამოიწვია. კომპანიის თქმით, ტექნიკური პარამეტრები და ხარისხობრივი მოთხოვნები უცვლელი რჩება.
BM.GE
წყარო: bm.ge