
მარიამ ქვრივიშვილი საბერძნეთში გაემგზავრა - როგორია ეკონომიკური კავშირები?
"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან 270-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მაღალი დონის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები. დელეგაციაში, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, არიან მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და თამარ იოსელიანი.
BMG გთავაზობთ საბერძნეთი-საქართველოს ეკონომიკური კავშირების შესახებ მონაცემებს, საიდანაც ყველაზე მოცულობითი ფულადი გზავნილებია.
ფულადი გზავნილები
საბერძნეთი ერთ-ერთი ლიდერია ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაში. 2025 წელს საბერძნეთზე მოდიოდა საქართველოს მიერ მიღებული ფულადი გზავნილების 8%. მოცულობა კი რეკორდული იყო და 293.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მეტია 2024 წლის 263.4 მლნ დოლარზე. 2026 წლის პირველ კვარტალში საბერძნეთიდან 73 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლის ჭრილში 10 მლნ დოლარიანი ზრდაა.
ვაჭრობა
საბერძნეთთან რეკორდული სავაჭრო ბრუნვა 2014 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი 131.3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამის შემდეგ სავაჭრო ბრუნვა არაერთგვაროვანი იყო, 2020 წლის შემდეგ კი დინამიკა მზარდია. 2024 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 98 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წელს 96.1 მლნ დოლარამდე შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელი კი 43 მლნ დოლარია (იმპორტი $34 მლნ, ექსპორტი $9.1 მლნ).
საქართველო საბერძნეთიდან ბევრად მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. 2025 წელს 67.3 მლნ დოლარი სწორედ იმპორტზე მოდიოდა, ექსპორტი კი მხოლოდ 28.8 მლნ დოლარი იყო.
იმპორტში განსაკუთრებული სიდიდით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს.
TOP 5 საიმპორტო საქონელი, 2025 წლის მონაცემებით, ასეთია:
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $21.9 მლნ; • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $9 მლნ; • სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, ნაბეჭდი რეპროდუქციებისა და ფოტოგრაფიების ჩათვლით - $4.9 მლნ; • დო, იოგურტი, კეფირი - $3 მლნ; • საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი - $2.3 მლნ.
ექსპორტში ფეროშენადნობები ლიდერობს. TOP 5 საექსპორტო საქონელი შემდეგია:
• ფეროშენადნობები - $14.4 მლნ; • თხილი და სხვა კაკალი - $4.2 მლნ; • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $4.1 მლნ; • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $634.5 ათასი; • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $629.9 ათასი.
ინვესტიციები
საქართველოში ბერძნული ინვესტიციების მოცულობა მინიმალურია. საბერძნეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ფინანსური რესურსის შემოდინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2002 წელს დაფიქსირდა და ინვესტიციის მოცულობამ 19.4 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ ინვესტიციები შემცირდა და 3-4 მილიონს არ აღემატებოდა. 2025 წელს საბერძნეთიდან 2.1 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, ხოლო 2024 წელს 4 მლნ დოლარის.
ტურიზმი
გასულ წელს საბერძნეთიდან 35 322 ვიზიტი განხორციელდა, რეკორდული იყო და აღემატებოდა 2024 წლის 27 557 ვიზიტს.
საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები საბერძნეთიდან
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, წელს საქართველოს საბერძნეთის 7 089 მოქალაქე სტუმრობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge