
მარკო რუბიო, ჩარლზ III, EU - ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს|განცხადებები
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქვეყანამ მილოცვები და მხარდაჭერის გზავნილები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღო.
საერთაშორისო პოლიტიკურმა ლიდერებმა მილოცვის წერილები ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც გაუგზავნეს.
მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
"მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ".
ჩარლზ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
"მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის".
ევროკავშირი
"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას".
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი
"გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - პირადად თქვენ [ირაკლი კობახიძეს] და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დინამიკური განვითარება და მიღწევები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის".
რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი
"პატივცემულო პრემიერო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს - კეთილდღეობას".
ლი ციანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი
"გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - ბედნიერებას".
მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი; მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი; მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი, ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური".
ლი ჯე მიუნგი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი
"კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის".
ფილიპი, ბელგიის მეფე
"საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემამულეს".
ანდრეი პლენკოვიჩი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და პროდუქტიულ თანამშრომლობას. დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისადმი ჩვენი ერთგულება ხელს უწყობს თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კვლავაც გაღრმავდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ჩვენს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად".
დენის ბეჩიროვიჩი, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე
"ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა.
ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება".
რუმენ რადევი, ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - 26 მაისთან - დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას, რომელთა საფუძველია ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებული დიდი ხნის ისტორიული და კულტურული კავშირები. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაში საერთო ინტერესების სფეროებში, ხოლო მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში ხელს შევუწყობთ საერთაშორისო ინიციატივების კონტექსტში ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასა და აზიას შორის კავშირებს, შავი ზღვის ფართო რეგიონში უსაფრთხოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში".
ჯურო მაცუტი, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
:სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, განვითარებას განაგრძობს საერთო ინტერესის ყველა სფეროში. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს.
ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გამოვხატავ განსაკუთრებულ მადლიერებას საქართველოს მიერ სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. თქვენი ქვეყნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჩვენებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანმიმდევრული პატივისცემის მიმართ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ".
ლინა კასიანიდუ, კვიპროსის კულტურის მინისტრი
"მსურს, ქართველ ხალხს გადავცე ჩემი გულწრფელი მოლოცვა. ეს დღესასწაული აღნიშნავს საამაყო ფურცელს თქვენი ქვეყნის ხანგრძლივსა და მედეგ ისტორიაში. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობასა და წინსვლას. კვიპროსსა და საქართველოს აკავშირებთ ხალხთაშორისი მჭიდრო კონტაქტები, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, კულტურასა და სარწმუნოებაზე.ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ კვიპროსში ვმასპინძლობთ ძლიერ და აქტიურ ქართულ დიასპორას, რომელიც წარმოადგენს ნამდვილ მეგობრობის ხიდს კვიპროსსა და საქართველოს შორის".
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს საქართველოს მოსახლეობას".
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"გილოცავთ ეროვნულ დღეს, საქართველო!
რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს".
შვეიცარიის საელჩო საქართველოში
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!ეს დღე ყველა იმ ქართველს ეკუთვნის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა სამშობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ხარიტონ შავიშვილი ერთ-ერთია, ვისი ცხოვრება და ბრძოლა შვეიცარიას უკავშირდება".
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიას და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს".
ნორვეგიის საელჩო საქართველოში
"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას!
26 მაისს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ხანგრძლივ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებას. საბჭოთა მმართველობის ათწლეულების განმავლობაშიც კი, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის იდეალები საქართველოს ეროვნული ისტორიის მთავარ ნაწილად რჩებოდა. დღეს ეს ღირებულებები კვლავაც უმნიშვნელოვანესია. მშვიდობიან და ღირსშესანიშნავ დღესასწაულს ვუსურვებთ ყველას, ვინც ამ დღეს აღნიშნავს!"
მასალა განახლდება
BM.GE
წყარო: bm.ge