
„მბმ“ თევზსაჭერი სეინერის შეძენას გეგმავს - ინვესტიცია ₾2 მლნ
ქალაქ ფოთში მოქმედი თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმო „მბმ“-ის დამფუძნებელი მერაბ ხარაბაძე თევზსაჭერი სეინერის (თევზსაჭერი გემის) შეძენას გეგმავს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია და პროექტი დასრულების ეტაპზეა. ხარაბაძე ვარაუდობს, რომ გემის შეძენა მომდევნო ექვს თვეში დასრულდება: „შეიძლება ერთი თევზსაჭერი სეინერი შევიძინოთ. სამინისტროში გაგზავნილი გვაქვს დოკუმენტაცია და, ასე ვთქვათ, დასრულების ეტაპზეა. ვფიქრობ, ექვს თვეში დასრულდება ეს პროცესი. ინვესტიცია საშუალოდ დაახლოებით 2 მილიონ ლარამდეა, თუმცა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დამატებითი ინვენტარიც დასჭირდება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის კომპანიას უცხოელი სპეციალისტების ჩართვა მოუწევს, რომლებიც ადგილობრივ კადრებს გადაამზადებენ. ხარაბაძის შეფასებით, ამ პროცესს 3-4 წელი მაინც დასჭირდება.
რაც შეეხება თავად კომპანიას, „მბმ“, რომელიც ფოთში 2002 წლიდან ოპერირებს, ამ ეტაპზე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას არ გეგმავს და ძირითადად, თევზის ფქვილის წარმოებაზეა ორიენტირებული. “ნედლ თევზს ექსპორტზე არ ვყიდით, საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ გადამუშავებული სახით თევზის ზეთი და ფქვილი გაგვაქვს”, - თქვა მან.
როგორც ხარაბაძე აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარს კომპანია მიზანმიმართულად არ ამარაგებს, რათა მცირე და ტრადიციული მეთევზეებისთვის კონკურენცია არ გაამწვავოს.
„ძირითადი მომხმარებლები თურქეთი, საბერძნეთი, ესპანეთი და რუსეთია. ექსპორტზე მოთხოვნა კარგია და ფასებიც სტაბილურია, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვანი მერყეობაა - ზოგ პერიოდში ფასი 200%-ით იზრდება, ზოგჯერ კი მკვეთრად მცირდება“, – განმარტა მან.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 10-11 თვის განმავლობაში ფასების მერყეობა შედარებით სტაბილური იყო და დაახლოებით 20%-ის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა ბაზარი კვლავ ძლიერ არის დამოკიდებული სეზონურობასა და გლობალურ ფაქტორებზე. ის იქვე დასძენს, რომ საწარმოს საქმიანობა დიდწილად შავი ზღვის რესურსებზეა დამოკიდებული.