
მერიამ ვაკის რაიონში, ახალდაბის ქუჩის მიმდებარედ ფერდის გამაგრებისთვის 14-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
ქალაქ თბილისის მერია ვაკის რაიონში, ახალდაბის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის გამაგრების სამუშაოებისთვის 14.3 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვას აცხადებს.
შესაბამისი ელექტრონული ტენდერი 4 მაისს გამოცხადდა. ეს პროექტზე ხელმეორე აუქციონს წარმოადგენს, რადგან პირველი აუქციონი, რომელიც 14 იანვარში იყო გამოცხადებული 17.3 მილიონი ლარის ოდენობით, გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე შეწყდა.
პროექტი მოიცავს საავტომობილო გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მათ შორის საყრდენი და ნაპირის გასამაგრებელი კედლების, ასევე რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მშენებლობას.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია სამი ძირითადი კედლის მოწყობა, საერთო სიგრძით 230 მეტრზე მეტი. სამუშაოები ასევე ითვალისწინებს დრენაჟის სისტემების მონტაჟს, ჰიდროიზოლაციასა და ფერდის სტაბილიზაციისთვის დაცურების საწინააღმდეგო ინჟინერიული გადაწყვეტების დანერგვას.
"პროექტით გათვალისწინებულია ახალი რკინაბეტონის კედლების მოწყობა. მათ შორის: ორი ქვედა კედელი სამშენებლო სიგრძით 37.5 მ და 60 მ; ზედა კედელი სამშენებლო სიგრძით 132.5 მ. კედლები დაპროექტებულია სექციებად სიგრძით 10 მ და 7.5 მ. ანგარიშის გათვალისწინებით კედლის საძირკვლად მიღებულია ხიმინჯოვანი როსტვერკი (ხიმინჯი D=1.2მ). ხიმინჯის სიგრძე მიღებულია 10.6 მ-14.1 მ. კედლის სექციებში გათვალისწინებულია განივი დრენაჟის მოწყობა (პლასტმასის მილი d=15სმ). კედელი მიწასთან შეხების ადგილებში უნდა დამუშავდეს წასაცხები ჰიდროიზოლაციით 2 ფენით. კედლის სექციების შორის გათვალისწინებულია 4 სმ-იანი, ქაფპლასტით სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. კედლის უკან უკუჩაყრა უნდა მოხდეს მოზიდული ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტით, დატკეპნით ფენებად. ფერდის სტაბილიზაციის მიზნით პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ფერდის დაცურების საწინააღმდეგო სისტემის მოწყობა,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
სამუშაოების შესრულების ვადა წერილობითი დავალების გაცემიდან 240 კალენდარული დღით არის განსაზღვრული. ტენდერის პირობებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრეტენდენტების პროფესიულ გამოცდილებაზე: მონაწილე კომპანიებს 2022 წლიდან უნდა ჰქონდეთ შესრულებული რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების ან ფერდობების გამაგრების სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ფასის არანაკლებ 70 პროცენტს შეადგენს. ამასთან, მოთხოვნილია მინიმუმ ერთი კონტრაქტის არსებობა, რომლის ღირებულება არანაკლებ 30 პროცენტია დაგეგმილი ბიუჯეტისგან. გამოცდილება უნდა დადასტურდეს შესაბამისი ხელშეკრულებებითა და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტებით.