
"მეტი ბაზრის დაფარვის ამბიციური გეგმები გვაქვს" – Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორი
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორის, გიორგი კუპრაშვილის განცხადებით, საქართველოში დანაზოგების მხოლოდ 6.8% არის განთავსებული კაპიტალის ბაზრებში, შესაბამისად, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ზრდის რესურსი არსებობს. როგორც გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” კუპრაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ინვესტიციების მიმართ ინტერესი დინამიკურად ვითარდება.
“ჩვენ გვჯერა, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ. საქართველოში დანაზოგების მხოლოდ 6.8% არის განთავსებული კაპიტალის ბაზრებში, სხვადასხვა ინსტრუმენტებში. შედარებით დომინირებს ლიკვიდური, საბანკო დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშები. თუ რეგიონალურ ეკონომიკებსა და ევროკავშირს გადავხედავთ, დაახლოებით 35-40%-ის ფარგლებშია [დანაზოგები განთავსებული] კაპიტალის ბაზრებზე. ეს ძალიან დიდი ზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკისა და შემოსავლის ზრდასთან ერთად, აბსოლუტურ ჭრილშიც დანაზოგები მნიშვნელოვნად იზრდება და ესეც გარკვეულ ზურგის ქარს ქმნის ამ ბიზნესის განვითარებისთვის”, - აღნიშნა Galt & Taggart-ის დირექტორმა.
მისივე თქმით, 2025 წლის მონაცემებით, ბაზარზე გამოშვებული ობლიგაციების ბალანსი დაახლოებით 3.5 მილიარდი ლარი იყო და ამ ემისიების 66%-ში Galt & Taggart იყო განთავსების აგენტი.
“ამ მხრივ ძალიან ძლიერი მონაცემები გვაქვს. მომდევნო წლებში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონალური ბაზრების დაფარვის გაუმჯობესება და გაძლიერება და ასევე - ტექნოლოგიაში ინვესტირება. კარგი მაგალითია სომხეთში ჩვენი მონაწილეობა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში და ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ მხრივ განვითარებისა და მეტი ბაზრის დაფარვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რაზეც პერიოდულად განახლებები გვექნება”, - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც Galt & Taggart-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, 2025 წელს საინვესტიციო ბანკმა GT Trader-ის განახლებული ვერსია შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, 50-ზე მეტ ბირჟაზე და 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე ჰქონდეთ წვდომა.