
Micron-ის შემოსავალი 379%-ით გაიზარდა - კომპანიის კვარტალური შედეგები
ტექნოლოგიურმა კომპანია Micron-მა, რომელიც ნახევარგამტარების წარმოებაზეა ორიენტირებული, ახალი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 2026 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მონაცემების თანახმად, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $11.32 მილიარდი მიიღო, მეოთხე ფისკალურ კვარტალში შემოსავალმა $54.23 მილიარდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების 379%-იანი წლიური ზრდით ტექ-გიგანტმა უოლ-სტრიტის მოლოდინებს სრულად გადააჭარბა. ცნობისთვის, ანალიტიკოსების მოლოდინი $51.49 მილიარდს არ სცდებოდა. კომპანიამ ბოლო კვარტალში $33.42-იანი კორექტირებული მოგებაც დააფიქსირა, რაც მთელი $2-ით აღემატება ექსპერტების პროგნოზს.
ცნობისთვის, ამერიკული გიგანტი მოგების სამნიშნა პროცენტულ ზრდას უკვე ზედიზედ მეშვიდე კვარტალია ახერხებს. ხელმძღვანელობის შეფასებით, რეკორდული ფინანსური შედეგები ინდუსტრიაში მეხსიერების ჩიპების ყველაზე მწვავე დეფიციტით არის განპირობებული.
ანალიტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ მოგების მარჟაზეც, რომელმაც ბოლო კვარტალში დაახლოებით 86% შეადგინა. მსგავსი მოგებიანობა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიებისთვისაც კი იშვიათია. არსებული ინფორმაციით, მარჟის ასეთ მაჩვენებელს ფიქსირებული ფასები და გრძელვადიანი სტრატეგიული ხელშეკრულებებით გაყიდული მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპები განაპირობებს.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, კომპანიის ხელმძღვანელობამ ანალიტიკოსების მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. Micron-ის გათვლებით, 2027 ფისკალური წლის პირველ კვარტალში შემოსავალი საშუალოდ $61.5 მილიარდს, ხოლო თითოეულ აქციაზე კორექტირებული მოგება $38.15-ს მიაღწევს. ეს მაჩვენებლები უოლ-სტრიტის მიერ ნავარაუდებ $57.4 მილიარდიან შემოსავალსა და განსაზღვრულ $35.47-იან მოგებას საგრძნობლად აღემატება.
BM.GE
წყარო: bm.ge