
Microsoft-ი უკრაინას საკუთარ სერვისებს უფასოდ 2027 წლის ბოლომდე მიაწვდის
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საკუთარი სერვისების უფასოდ მიწოდებას 2027 წლის ბოლომდე გააგრძელებს. ინიციატივა სახელმწიფო უწყებებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და რეგიონული ხელისუფლებებისთვის უფასო ქლაუდ სერვისების მიწოდებას გულისხმობს. პარალელურად, კომპანია გააგრძელებს კიევის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, რომლებიც ომის დანაშაულებს დოკუმენტურად აღრიცხავენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოწყვლადი ინფრასტრუქტურის ევროპულ ქლაუდ სისტემებში გადატანამ უკრაინას საშუალება მისცა, სახელმწიფო სერვისები მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდოს. Microsoft-ის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მთავრობა გადასახადების აკრეფას, სოციალური შეღავათების გაცემასა და ბიზნესის რეესტრების მართვას შეუფერხებლად ახერხებს. Microsoft-ის განცხადებით, ეს პროცესი ქვეყნის ეროვნულ მედეგობას აძლიერებს და კრიტიკული სერვისების მუშაობის შეფერხებას გამორიცხავს.
შეგახსენებთ, ამერიკული კორპორაცია უკრაინას ტექნოლოგიურ და კიბერუსაფრთხოების დახმარებას 2022 წლიდან უწევს. ომის დაწყების დღიდან დღემდე კომპანიის მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის საერთო მოცულობამ $700 მილიონს გადააჭარბა.
BM.GE
წყარო: bm.ge