
მილიონიანი გაყიდვები და რეკორდები - როგორ დაიწყო წელი ხელოვნების ბაზრისთვის | I კვარტალის შეჯამება
გლობალურმა ხელოვნების სააუქციონო ბაზარმა 2026 წელი ძლიერი შედეგებით დაიწყო. მიუხედავად გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური გაურკვევლობისა, წლის პირველი კვარტალის მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში დაწყებული ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.
Arttactic-ის კვარტალური მიმოხილვის თანახმად, სამი უმსხვილესი სააუქციონო სახლის ჯამური გაყიდვები წლიურ ჭრილში 64.3%-ით გაიზარდა და 1.70 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2016 წლის შემდეგ, პირველი კვარტალში მიღწეული ყველაზე ძლიერი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული ლოტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით დიდად არ შეცვლილა, ღირებულების მკვეთრი ზრდა მიუთითებს ე.წ. “Top End” სეგმენტზე გაზრდილ მოთხოვნაზე.
კანალეტო - $30 მილიონი
პირველ კვარტალში უმსხვილესმა სააუქციონო სახლებმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს. თებერვალში Christie's-ის "ძველი ოსტატების" აუქციონმა ნიუ-იორკში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი, 54 მილიონ დოლარზე მეტი მოიტანა, ვენეციელი ოსტატის, კანალეტოს ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი 30 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.
მიქელანჯელო - $27,2 მილიონი
Christie's-ისთვის კიდევ ერთი გამორჩეული მოვლენა ახლად აღმოჩენილი მიქელანჯელოს ნამუშევრის სააუქციონო დებიუტი იყო, რომელიც 27.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მარტში ლონდონში Christie's-ის საღამოს აუქციონი ჯამში 197 მილიონი ფუნტი სტერლინგის ($264 მილიონი) შედეგით დასრულდა, რაც 52%-ით მეტია გასულ წელს მიღწეულ ჯამურ მაჩვენებელზე.
ჰენრი მური, მეფე და დედოფალი $35 მილიონი
აუქციონის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი იყო ჰენრი მურის რეკორდული სკულპტურა - მეფე და დედოფალი, რომელიც 35 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. საღამოს ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი კანდინსკის "წითელი წრე" იყო, რომელიც თითქმის $17 მილიონად გაიყიდა.
რენე მაგრიტი, Les grâces naturelles - $11,3 მილიონი
სიურრეალისტურ ხელოვნებაზე მოთხოვნა წლის პირველ კვარტალშიც მაღალია და რენე მაგრიტის ნამუშევრები ყველაზე მოთხოვნადებს შორის კვლავ რჩება. სიურრეალისტურ საღამოს აუქციონზე ყველაზე ძვირად მაგრიტის "Les grâces naturelles" გაიყიდა, რომლის საბოლოო ფასმაც 11.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება აღმოსავლურ ბაზარს, მარტის ბოლოს ჰონკონგში გამართულ საღამოს აუქციონებზე დასავლეთის ტენდენცია გაგრძელდა. ჰონკონგის მე-20/21-ე საუკუნის საღამოს აუქციონმა ჯამში $84 მილიონის შედეგი აჩვენა, რაც 2025 წლის მარტის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია, აღსანიშნავია, რომ აუქციონზე ლოტების 100% გაიყიდა. სამი უმსხვილესი აუქციონის სახლის ჯამურმა შემოსავალმა ჰონკონგში 165 მილიონი დოლარი შეადგინა.
იოშიტომო ნარა, Nothing Abouot It - 11,6 მილიონი
აზიაში პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი რეკორდებიც დაფიქსირდა. 31 მარტს, იოშიტომო ნარას "Nothing About It" კორეაში დღემდე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ ნამუშევრად იქცა, რომლის საბოლოო ღირებულებამაც 11.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაჯა რავი ვარმა - $18 მილიონი
ინდოეთში, მუმბაიში, Saffronart-ის აუქციონზე საირუს პუნავალამ, ინდოელმა მილიარდერმა, რაჯა რავი ვარმას ნამუშევარი მოიგო, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ინდური ხელოვნების ნიმუშისათვის.
წელი Sotheby’s -თვისაც პოზიტიურად დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სააუქციონო სახლმა 2025 წელს 7.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და მრავალი წლის განმავლობაში პირველად, წელი 53 მილიონი დოლარის მოგებით დაასრულა.
რემბრანდტი $18 მილიონი
Sotheby's-ის პირველი კვარტალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა თებერვალში, ნიუ-იორკში გამართული აუქციონი "ქაღალდზე შესრულებული ოსტატური ნამუშევრები" იყო, სადაც მთავარი ლოტი, რემბრანდტის ლომი, თითქმის $18 მილიონად გაიყიდა.
ფრენსის ბეკონი, Self-Portrait (1972) — $21.5 მილიონი
მარტის დასაწყისში Sotheby’s ლონდონში გამართულმა საღამოს აუქციონმა ჯამში 175 მილიონი დოლარის შედეგი აჩვენა — 108%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ აუქციონზე, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გასაყიდად 31%-ით მეტი ლოტი იყო წარმოდგენილი. ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი ფრენსის ბეკონის "ავტოპორტრეტი" (1972) იყო, რომელიც 21.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მარტის ბოლოს, ჰონკონგში, Sotheby’s საღამოს აუქციონის ჯამურმა შედეგმა 70.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ჰონკონგში ჩატარებულ აუქციონებზე ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი, ჯოან მიტჩელის ნამუშევარი იყო, რომელიც 17.6 მილიონ დოლარად გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკორდული შედეგი არ არის, ის მაინც შთამბეჭდავია და გარკვეულ იმპულსს სძენს ჰონკონგის ხელოვნების სააუქციონო ბაზარს, რომელმაც გასულ წელს ათწლეულის მინიმუმს მიაღწია.
კლოდ ლალანი, 15 Mirrors Ensemble — $33.5 მილიონი
პოზიტიური ტენდენცია აპრილშიც გაგრძელდა — Sotheby’s New York-ზე კლოდ ლალანის მიერ შექმნილი 15 სარკის უნიკალური ანსამბლი, (Important and Unique Ensemble of Fifteen Mirrors for Yves Saint Laurent and Pierre Bergé), 33.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარმა როგორც თავად არტისტის მეორადი ბაზრის რეკორდი მოხსნა, ისე აუქციონზე ოდესმე გაყიდული დიზაინის ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულად იქცა. საბოლოო ფასმა ლალანის ჰიპოპოტამის ფორმის ბარის რეკორდულ შედეგსაც გადააჭარბა, რომელიც Sotheby’s-ზე 2025 წლის დეკემბერში 31.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მსოფლიოს მასშტაბით მიღწეული ეს შედეგები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური გაურკვევლობა გრძელდება, მაღალი ხარისხის ნამუშევრები კვლავაც ლიკვიდურია, რაც წლის განმავლობაში სააუქციონო სექტორს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
BM.GE
წყარო: bm.ge