
მიზანია სანდო რეპუტაციის მქონე ბანკების საქართველოში შემოსვლის წახალისება - სების განმარტება კანონპროექტზე
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, კომერციული ბანკების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი საქართველოში სანდო რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება და მათი ლიცენზირების პროცედურების გამარტივებაა. სების განმარტებით, ცვლილებები საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდა და ქართულ საფინანსო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას ისახავს მიზნად - ამის შესახებ ნათქვამია წერილობით პასუხში, რომელიც სებ-მა BMG-ის მიაწოდა.
„ქართული საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინტერესი მზარდია, რასაც მათ შორის, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საფინანსო სექტორში განთავსების წილიც (2025-2026 წლებში 36.5%) ადასტურებს. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგროვილი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გამოიკვეთა ქართულ საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შემოსვლის პროცედურების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა“, - განმარტავს ეროვნული ბანკი.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს 3 ნოემბერს წარედგინა. ცვლილებების ავტორები პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები არიან.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ლიცენზირება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები დონის ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.
ამასთან, სანდო ბანკის სტატუსის მისაღებად მხოლოდ საკრედიტო რეიტინგი არ იქნება საკმარისი. კანონპროექტის თანახმად, ბანკს უნდა ჰქონდეს მაღალი ცნობადობა, კარგი რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურა.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ცვლილებებით ფართოვდება უცხოური სანდო ბანკის განმარტება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ბანკი განვითარებული ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა საქმიანობდეს, ახალი რედაქციით კი კრიტერიუმების განსაზღვრისას სებ-ს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპების დადგენის უფლებამოსილება ექნება.
„უცხოური სანდო ბანკის საქართველოში შემოსვლის წახალისების მიზნით ლიცენზირების პროცედურების გამარტივება სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული ცვლილებებით იცვლება და ფართოვდება უცხოური სანდო ბანკის განმარტება“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის პასუხში.
სებ-ის ინფორმაციით, კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი განსაზღვრავს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპებს, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალსა და საკრედიტო რეიტინგის მინიმალურ დონეს. აღნიშნული კრიტერიუმები საჯარო ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
„სანდო ქვეყნების განსაზღვრის პრინციპების შემუშავებისას ეროვნული ბანკი იხელმძღვანელებს შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკით და მიდგომებით. ამასთან, მისაღები საკრედიტო რეიტინგის დონის განსაზღვრისას გაითვალისწინებს როგორც საქართველოს საკრედიტო რეიტინგს, ისე საერთაშორისოდ დამკვიდრებულ სარეიტინგო შეფასების სტანდარტებს“, - აცხადებენ სებ-ში.
ცვლილებებით ასევე ზუსტდება საბანკო ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის მოთხოვნები. კერძოდ, უცხოურ ბანკს აღარ მოეთხოვება ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა. ინფორმაცია უნდა წარადგინოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, მფლობელობის შუალედური რგოლების და საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ.
ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება კაპიტალთან დაკავშირებული მოთხოვნაც. ნაცვლად განაღდებული კაპიტალის ოდენობისა, ლიცენზიის მაძიებელი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
სებ-ის შეფასებით, ცვლილებები ქართულ საბანკო ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნებას გაზრდის და კონკურენტული გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„აღნიშნული ცვლილება გააძლიერებს ქვეყანაში კონკურენტულ გარემოს და ხელს შეუწყობს სანდო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნებას ჩვენს ბაზარზე“, - წერს ეროვნული ბანკი.
აღსანიშნავია, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში უცხოური სანდო ბანკის ცნება 2017 წლიდან არსებობს, თუმცა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ამ სტატუსის მქონე ბანკებისთვის საქართველოში ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნების გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge