
მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სახელმწიფო ტენდერებს საბაზროსთან გათანაბრებული ფასებით გამოაცხადებს - „იმპოსტი"
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს რეფორმა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ფასწარმოქმნის პრინციპების შეცვლასა და ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ინერგება მექანიზმი, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას მასალების ან მომსახურების გაძვირების შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.
კომპანია „იმპოსტის“ მმართველმა პარტნიორმა, ლევან ახვლედიანმა ინიციატივას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, აქამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო ადეკვატურ ფასს არ იხდიდა, პროექტების გაჭიანურებასა და ხარისხის გაუარესებას იწვევდა.
„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც საუბარი შედგა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის ზრდის აუცილებლობაა. წლების განმავლობაში პროცესი ისე მიმდინარეობდა, რომ პროექტები, რომლებიც ხორციელდებოდა, რამდენიმე კვირისა და თვის ნაცვლად, მრავალ ათწლეულს უნდა უძლებდეს. შესაბამისად, იმისთვის, რომ სახელმწიფომ მსგავსი ხარისხის შედეგი მიიღოს, მან სამუშაოებში მინიმუმ საბაზრო ფასის შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს.
სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა, რაც აქამდე პროექტების წარმოებას აფერხებდა. სახელმწიფოს მხრიდან შესასრულებელ სამუშაოში ადეკვატური ფასი არასდროს იხდებოდა, რის გამოც ორგანიზაციებსა და ჩვენნაირ კომპანიებს ხშირად პროექტების დაფინანსება საკუთარი მოგების მარჟიდან გვიწევდა. შედეგად, ბევრი კომპანია რისკის ქვეშ დგებოდა, პროექტები კი ვადებში ჭიანურდებოდა და იწელებოდა.
ამიტომ, ეს ინიციატივები სწორედ იმას ემსახურება, რომ სამუშაოები ხარისხიანად და დროულად შესრულდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განცხადება იყო, რომ სახელმწიფო ტენდერებს საბაზრო ღირებულებასთან გათანაბრებული ფასებით გამოაცხადებს. ეს გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კონკრეტულად ჩვენი ორგანიზაცია ხშირ შემთხვევაში უარს ამბობდა ტენდერებში მონაწილეობაზე იქ, სადაც ვხედავდით, რომ გამოცხადებული ბიუჯეტით პროექტის შესრულება შეუძლებელი იყო", - აცხადებს ლევან ახვლედიანი.