
"მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგებისთვის მიდგომა შევიმუშავეთ" - „რითეილ ასოციაცია“ ფასების კომისიის დასკვნაზე
„რითეილ ასოციაცია“ ფასების საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ დასკვნა გუშინ წარადგინა.
ასოციაციის თანახმად, წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
"კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.