
მომხმარებლისთვის მხოლოდ ფასი მთავარი აღარ არის - როგორ შეიცვალა მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზარზე?
უძრავი ქონების კომპანია MyCorner.ge-ის დამფუძნებლის, თამუნა წოწორიას განცხადებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნები მნიშვნელოვნად შეიცვალა და დღეს არჩევანი მხოლოდ ფასზე აღარ არის დამოკიდებული. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ადრე მყიდველები კონკრეტულ კორპუსებზე და შედარებით დაბალ ფასზე იყვნენ ორიენტირებული, ახლა პრიორიტეტები მკვეთრად არის გადანაცვლებული ცხოვრების ხარისხისკენ.
„დღეს მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონა, განაშენიანება და ზოგადად ის გარემო, სადაც იცხოვრებს. ყველაზე დიდ დროს სახლში ვატარებთ, შესაბამისად, მათ აინტერესებთ რამდენად კომფორტული იქნება საცხოვრებელი სივრცე როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ოჯახისთვის”, - აღნიშნავს წოწორია.
მისივე შეფასებით, სწორედ ამ ტენდენციის გამო გაიზარდა კომპლექსური ტიპის საცხოვრებლების პოპულარობა, რამაც დეველოპერებს შორის კონკურენციაც გაამძაფრა. წოწორია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, განსაკუთრებით აზიური ქვეყნებიდან. მისი თქმით, გლობალურმა პროცესებმა, მათ შორის მიმდინარე ომმა, გარკვეულწილად დადებითი გავლენა იქონია ადგილობრივ ბაზარზე.
„ჩვენი ბაზარი მუდმივად მზარდია - ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ფასები დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. პრაქტიკულად არ მახსენდება პერიოდი, როდესაც ფასები კლებისკენ წავიდა“, - ამბობს ის.
მისი შეფასებით, ბაზარზე შედარებით დაბალ ფასად ლიკვიდური უძრავი ქონება იშვიათად ჩნდება, თუმცა მსგავსი ობიექტები, როგორც წესი, ძალიან სწრაფად იყიდება და ხშირად ფართო შეთავაზებამდეც ვერ აღწევს.
რაც შეეხება ლოკაციებს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა პრაქტიკულად ყველა უბანზე ფიქსირდება, თუმცა კვლავ განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩევა ცენტრალური რაიონები - ვაკე, საბურთალო და ძველი თბილისი, როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით.