
მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის ფონზე, Galt & Taggart-მა პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა
ოქტომბერში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის ფონზე, Galt & Taggart-მა ინფლაციის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თვიურად 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი, 5.9% შეადგინა, რაც მათ მოლოდინზე მაღალი იყო.
კვირის განახლებაში ნათქვამია, რომ ინფლაციის დაჩქარება იმპორტირებული ინფლაციის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რომელიც წლიურად 9.4%-მდე გაიზარდა (სექტემბერში 7.8% იყო), ძირითადად ბენზინისა და დიზელის გაძვირების გამო. ამასთან, საწვავის გამოკლებით, წლიური ინფლაცია ძირითადად სტაბილური დარჩა. თუმცა, ინფლაციის უფრო მდგრადი კომპონენტები ოდნავ დაჩქარდა: საბაზო ინფლაცია 3.5%-დან 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.7%-დან 4.0%-მდე.
“ინფლაციის ტენდენციის შემობრუნების გათვალისწინებით, 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გავზარდეთ 5.5%-მდე წინა 5.3%-დან, ხოლო 2027 წელს ინფლაციის 3.2%-მდე შენელებას ველით", - აცხადებს "გალტ ენდ თაგარტი"
BM.GE
წყარო: bm.ge