
"მოსავლის მართვის კომპანია" რთველი 2026-ისთვის ₾50 მლნ-ის გამარტივებული შესყიდვას ითხოვს
მოსავლის მართვის კომპანია „რთველი 2026“-ის ფარგლებში საჭირო საქონლის და მომსახურების გამარტივებული შესყიდვის ჩატარებას ითხოვს, რომლის ღირებულებაც 50 მლნ ლარია.
გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
მოსავლის მართვის კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო კომპანია, რომელიც „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ დაქვემდებარებაშია, წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 40-50 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით ახორციელებს, რომელთა რთველისთვის მომზადება წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას, სხვადასხვა დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას მოითხოვს, რის გამოც შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტიის წარდგენის ვალდებულება.
კომპანიის განმარტებით, ყურძნის მიღება-გადამუშავების ღონისძიებისათვის საჭირო შესყიდვების ელექტრონული ტენდრ(ებ)ის საშუალებებით განხორციელება ღონისძების არსებით შეფერხებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას გამოიწვევს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
• "ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მომწოდებლები არიან მევენახეები/გლეხები, რომლებსაც დარჩათ გაუყიდავი ყურძენი და ობიექტური მიზეზების გამო ყველა ვერ შეძლებს შესყიდვების ელექტრონულ სისტემით სატენდერო პროცედურებში მონაწილეობას. • შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ შესყიდული ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის, სათადარიგო ნაწილების და მომსახურების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა და საბანკო მომსახურება) რაოდენობის განსაზღვრა, რაც დამოკიდებულია შესყიდული ყურძნის რაოდენობაზე, რომელიც ასევე წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს. • მომსახურების (ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა) უზრუნველყოფა შპს „მოსავლის მართვის კომპანია’’ ახორციელებს კახეთის 8 რაიონში განაწილებულ 25-30 ქარხანაში, რომელთა სხვა ალტერნატიული ვარიანტი რაიონებში არ არსებობს“, - წერია გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნაში.
აქედან გამომდინარე, მოსავლის მართვის კომპანია საჭირო ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით ითხოვს მიიღოს თანხმობა 2026 წლის რთველისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურებების გამარტივებული შესყიდვაზე.
BM.GE
წყარო: bm.ge