
მოსკოვზე დრონებით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა - დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც
რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონებით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დარტყმის სამიზნე კი დედაქალაქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც გახდა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ მხარეებს შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გრძელდება, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებისა, რომლის თანახმადაც, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 1 600-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგან 450 უშუალოდ დედაქალაქისკენ მიემართებოდა. სობიანინის თქმით, რამდენიმე დრონმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას მიაღწია, ერთი კი საცხოვრებელ ბინას მოხვდა. მერი ამტკიცებს, რომ უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე მსხვერპლი არ ყოფილა.
„უპრეცედენტო თავდასხმა აშკარად არჩევნების ჩაშლის მიზნით იყო დაგეგმილი, თუმცა მოწინააღმდეგემ საწადელს ვერ მიაღწია“, - დაწერა სობიანინმა საკუთარ „ტელეგრამ“-არხზე.
სააგენტო Reuters-ის მოწმეების ცნობით, მოსკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიიდან კი კვამლი ადიოდა. ობიექტის დაზიანების ზუსტი მასშტაბი ამ ეტაპზე უცნობია. მოსკოვის ქარხანა, რომელიც წარსულშიც გახდა თავდასხმის სამიზნე, წლიურად მილიონობით ტონა ბენზინსა და დიზელს აწარმოებს.
უკრაინას მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ორივე მხარე აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშებს არ ახორციელებს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ცნობით, რამენსკოეს რაიონში, ორი დაღუპულის გარდა, 21-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 400 ადამიანი, მათ შორის 70 ბავშვი ევაკუირებულია. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.
BM.GE
წყარო: bm.ge