
მშენებლობის სექტორში ლიკვიდური სახსრების სერიოზული პრობლემაა - “ინსი”
კომპანია “ინსის” გენერალური დირექტორის განცხადებით, პანდემიურმა პერიოდმა და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა ქართულ ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს სერიოზული ფინანსური დარტყმა მიაყენა. სექტორში დღეს ყველაზე მწვავე პრობლემად ლიკვიდურობა, ანუ ე.წ. „ქეშის“ დეფიციტი სახელდება. ზვიად თოიძის თქმით, ე.წ ეკონომიკური ამნისტია, რისი ინიციატივაც დარგობრივ გაერთიანებას აქვს და რომელიც ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების ჩამოწერას ითვალისწინებს, სექტორის ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ არის მიმართული.
“კომპანიებმა ძალიან დიდი ზარალები განიცადეს კოვიდის პერიოდში. კოვიდის მერე რამდენიმე კრიზისი იყო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მერე ძალიან დიდი ფასთა ცვლილებები იყო. მაშინ კონტრაქტებში არ იყო გათვალისწინებული არც ფასთა ინდექსაცია, რის გამოც დიდი ზარალი განიცადეს კომპანიებმა. შესაბამისად, დღეს ლიკვიდურობის პრობლემაა კომპანიებში და მთელ სექტორში. ანუ „ქეში“ ფული სერიოზული პრობლემაა.
ეკონომიკური გაჯანსაღების უკან შეიძლება რამდენიმე მიმართულება განვიხილოთ: შეიძლება ეს ჯარიმების ჩამოწერა იყოს, შეიძლება სხვანაირად მოხდეს ფულის „ჩასხმა“, მაგრამ ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ დღეს ამ კუთხით ძალიან რთული მდგომარეობაა”-აცხადებს ზვიად თოიძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სექტორს აფერხებს, დარიცხული ჯარიმებია. თოიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში გრაფიკის დარღვევა არა კონტრაქტორის, არამედ დამკვეთის მხრიდან დაგვიანებული ცვლილებების ან სხვა ობიექტური მიზეზების შედეგია.
“ზოგიერთ დამკვეთს ჯარიმები აქვს გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევაზე, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს არ იყო კონტრაქტორის ბრალი, იმიტომ რომ იქ რაღაც ცვლილება დროულად არ ხდებოდა, რაღაც არ კეთდებოდა და შეიძლება ასეთი ჯარიმები იყოს დარიცხული.
ლიკვიდურობის პრობლემა, რაც ვახსენე, ძირითადად მოდის იმ სიტუაციებიდან, რაც იყო კრიზისებიდან გამომდინარე. მიღებული ზარალი დღემდე არ არის ანაზღაურებული. ანუ ეს კომპანიები დღემდე ვერ ამოვიდნენ ამ პრობლემიდან. შესაბამისად, ეს ფინანსური პრობლემები მერე უკვე შეიძლება პროექტებზეც გადავიდა”,-აცხადებს ზვიად თოიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge