
მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ იაფდება
საავიაციო საწვავზე ფასი ბარელზე 139 დოლარამდე შემცირდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით საწვავის ღირებულება 5%-ით არის შემცირებული. კლების მიუხედავად, წლიურ ჭრილში საწვავი მაინც 54%-ით გაძვირებულია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, ირანი-აშშ-ის სამხედრო დაპირისპირების დროს საწვავზე ფასი გაორმაგდა და 200 დოლარსაც აჭარბებდა. ავიაციის საწვავის ღირებულება რეგიონების მიხედვით განსხვავდება: ევროპაში 140 დოლარს აღწევს, 137 დოლარი ღირს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო აზიაში 139 დოლარი.
საავიაციო საწვავის პარალელურად, მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობიც იაფდება, რისი მიზეზიც აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებაა. ცნობისთვის, 14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედს ატარებს, 19 ივნისს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. ეს სრუტე თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილია, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საპასუხოდ, აშშ-მა ირანის ნავსადგურებთან მიმავალი გზები გადაკეტა.
BM.GE
წყარო: bm.ge