მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო გზა
მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო გზა

მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო გზა

BM.GE2 აგვისტო, 2026, 03:43|bm.ge

გლობალური ვაჭრობა ეკონომიკას აძლიერებს, ინდუსტრიებს ამუშავებს და ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. ყოველწლიურად მიმოქცევაში არსებული ტრილიონობით დოლარის უკან სწორედ ეს სავაჭრო არტერიები დგას. საზღვაო დერეფნები, არხები და სრუტეები კონტინენტებს შორის საქონლის შეუფერხებელ მოძრაობას უზრუნველყოფს. ზოგიერთი მათგანი საუკუნეებს ითვლის, ნაწილი კი თანამედროვე საინჟინრო მიღწევაა. ნებისმიერი შეფერხება მათ მუშაობაში გლობალურ ეკონომიკაზე აისახება.

1. სუეცის არხი (ეგვიპტე)სუეცის არხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საწყლოსნო გზაა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის თითქმის 12% მოდის და წლიურად 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთს ატარებს. ხმელთაშუა და წითელი ზღვების დაკავშირებით, ის ევროპასა და აზიას შორის ყველაზე სწრაფ მარშრუტს ქმნის, რაც გემებს მოგზაურობის დროს 10 დღით უმცირებს. მისი სტრატეგიული როლი 2021 წელს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც კონტეინერმზიდმა Ever Given-მა არხი ჩაკეტა და გლობალური მიწოდების ჯაჭვი შეაფერხა.

2. ჰორმუზის სრუტე (ახლო აღმოსავლეთი)ომანსა და ირანს შორის მდებარე ჰორმუზის სრუტე ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს დერეფანს წარმოადგენს. მასზე ყოველდღიურად დაახლოებით 17 მილიონი ბარელი ნავთობი გადის, რაც გლობალური მოხმარების მეოთხედს შეადგენს. ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეის ეკონომიკები ამ სრუტეში გამავალ ნავთობსა და თხევად ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებულნი. რეგიონში მცირე დაძაბულობაც კი ნავთობის გლობალურ ფასებს მყისიერად ზრდის, რაც აშშ-ისრაელის ირანზე თავდასხმის შემდეგ არაერთხელ დადასტურდა.

3. პანამის არხი (ცენტრალური ამერიკა)პანამის არხი წყნარ და ატლანტის ოკეანეებს აკავშირებს და 1914 წლიდან საზღვაო ვაჭრობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ყოველწლიურად მასზე 250 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი, 14 000-ზე მეტი გემით გადის. ის დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მარშრუტია, თუმცა კლიმატის მიმართ მოწყვლადობით ხასიათდება. მაგალითად, 2023 წლის გვალვების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა, რამაც მილიარდობით დოლარის ტვირთების მიწოდება შეაფერხა.

4. მალაკის სრუტე (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია)მალაიზიას, სინგაპურსა და ინდონეზიას შორის მდებარე მალაკის სრუტე დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზაა. ყოველწლიურად მასზე 90 000-ზე მეტი გემი გადის, რომლებსაც გლობალური ვაჭრობის მეოთხედი გადააქვთ. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის, რადგან ქვეყნის ნავთობის იმპორტის 60%-ზე მეტი სწორედ ამ სრუტეზე მოდის. სრუტის ჩაკეტვა გემებს ალტერნატიული გზის ძებნას აიძულებს, რაც გადაზიდვის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

5. ლა-მანშის სრუტე (ევროპა)ლა-მანშის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად გამოყენებადი საზღვაო მარშრუტია. მასზე ყოველდღიურად 500-ზე მეტი გემი გადაადგილდება, რაც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპას შორის სავაჭრო კავშირებს უზრუნველყოფს. დერეფანი დიდწილად ავტომობილების, სურსათისა და სხვადასხვა პროდუქტის გადაზიდვას ემსახურება. მისი მაღალი დატვირთულობის გამო, შტორმებით ან გაფიცვებით გამოწვეული მცირე შეფერხებაც კი ევროპის მასშტაბით მიწოდების ჯაჭვს მყისიერად აფერხებს.

6. ბოსფორის სრუტე (თურქეთი)ბოსფორის სრუტე, რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს აკავშირებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული წყლის გზაა. ყოველწლიურად მასზე დაახლოებით 48 000 გემი გადის, რომლებსაც ნავთობი, ნავთობპროდუქტები, მარცვლეული და ლითონები გადააქვთ. ამ დერეფანზე გლობალური ნავთობის მოთხოვნის დაახლოებით 3% მოდის. ომის პერიოდში ბოსფორის სრუტეში მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვამ სურსათზე ფასების გლობალური ზრდა გამოიწვია, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

7. კეთილი იმედის კონცხი (სამხრეთ აფრიკა)სუეცის არხის აშენებამდე, აფრიკის სამხრეთით მდებარე კეთილი იმედის კონცხი ევროპასა და აზიას შორის მთავარ მარშრუტს წარმოადგენდა. დღეს ის კვლავ ინარჩუნებს ალტერნატიული გზის მნიშვნელობას სხვა დერეფნებში შეფერხებების დროს. მაგალითად, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შემდეგ ათასობით გემმა კურსი ამ კონცხისკენ შეცვალა, რამაც მგზავრობის დრო 10-14 დღით გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა უფრო გრძელი და ძვირია, ის გლობალურ ვაჭრობაში უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტად რჩება.

ეს შვიდი სავაჭრო გზა მხოლოდ საზღვაო დერეფნებს არ წარმოადგენს. ისინი გლობალიზაციის უმნიშვნელოვანესი არტერიებია, რომლებიც ბიზნესს ბაზრებზე წვდომისა და ნედლეულის მოპოვების საშუალებას აძლევს. თუმცა, ისინი მოწყვლადნი არიან გეოპოლიტიკური თუ კლიმატური ცვლილებების მიმართ. ამ არტერიების შეფერხება გლობალურ ეკონომიკაზე მძიმედ აისახება, რაც ნავთობის ფასებს ზრდის და მიწოდების ჯაჭვს აფერხებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვმუშაობთ ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას პროექტების ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად|BMG-ის კითხვები და პასუხები

ვმუშაობთ ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას პროექტების ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად|BMG-ის კითხვები და პასუხები

BM.GE

"ევროპული გზა შეუქცევადი პროცესია, ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება არავის აქვს" - ზვიად ჭუმბურიძე

"ევროპული გზა შეუქცევადი პროცესია, ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება არავის აქვს" - ზვიად ჭუმბურიძე

BM.GE

გლობალურად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები - TOP 10

გლობალურად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები - TOP 10

BM.GE

უკრაინული თავდასხმების შედეგად რუსულმა ნავთობის ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეების 45% დაკარგეს - FT

უკრაინული თავდასხმების შედეგად რუსულმა ნავთობის ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეების 45% დაკარგეს - FT

BM.GE